მენეჯმენტი ცდილობდა „ოცნების“ მიმართ კრიტიკული კომენტარები საერთოდ ამოგვეღო სიუჟეტიდან - ჯანაძე

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში“ გამართულ პრესკონფერენციაზე „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გადაცემა „ახალი კვირის“ თანამშრომლებმა ცენზურაზე და ე.წ. შავი სიის შესახებ ისაუბრეს.

ჟურნალისტმა, თამთა ჯანაძემ, რომელიც გადაცემაში პოლიტიკურ ამბებს აშუქებდა, პრესკონფერენციაზე ის კონკრეტული სიუჟეტები და თემები გაიხსენა, რომლებსაც არხის მენეჯმენტის მხრიდან ცენზურა შეეხო.

ცენზურაზე საუბრისას ის განმარტავს, რომ მენეჯმენტის მხრიდან ხშირ შემთხვევაში იყო ცენზურის მცდელობა, სარედაქციო გუნდი ცდილობდა, გამკლავებოდა ცენზურას, რაც ხშირ შემთხვევაში წარმატებით რომ არ დაგვირგვინებულიყო, 4 წლის განმავლობაში ამ გადაცემაში ვერ იმუშავებდნენ.

„კონკრეტულად რაც შემიძლია, გითხრათ, არის ის, რომ მენეჯმენტი ცდილობდა, სახელისუფლებო გუნდის, მმართველი პარტიის წარმომადგენლების მიმართ კრიტიკული კომენტარები ან საერთოდ ამოეღო სიუჟეტიდან, ან შეემოკლებინა. გარდა ამისა, ძალიან გვიჭირდა კვირის მთავარ პოლიტიკურ თემებზე მუშაობა, რადგან გვეუბნებოდნენ, რომ კვირის განმავლობაში ეს იმდენად „გადაიღეჭებოდა“ „მოამბის“ მიერ, რომ აღარ იქნებოდა საინტერესო, ვგულისხმობ ლუკა სირაძის საქმეს, სარალიძის საქმეს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საქმეს, ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქციების გაშუქებასთან დაკავშირებულ თემებს“, – განაცხადა ჯანაძემ.

გარდა ამისა, მისივე თქმით, იყვნენ არასასურველი რესპონდენტები, რომლებსაც, მენეჯმენტის წინააღმდეგობის მიუხედავად, სარედაქციო გუნდი მაინც ჩაწერდა ხოლმე, რაც  იშნავდა „ხანგრძლივ კონფლიქტს მენეჯმენტთან.“

„რაც შეეხება კონკრეტიკას, გავაკეთე, მაგალითად, ერთი სიუჟეტი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც ეხებოდა პრეზიდენტ ზურაბიშვილის არჩევნებში გამარჯვების საკითხს, მეორე ტურს და გადაცემაში გასვლამდე რამდენიმე წუთით ადრე გენერალური პროდიუსერი შემოვიდა სამონტაჟოში და ამოიღო, ამოჭრა სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლების მიმართ ექსპერტების კრიტიკული კომენტარები.

ამასთანავე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიის მონაცემებზე დაყრდნობით გაკეთებული გრაფიკა, რომლიდანაც ირკვეოდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 6 წლის განმავლობაში მხარდამჭერთა იგივე პროცენტული რაოდენობა დაკარგა, რაც ენმ-ამ 9 წლის განმავლობაში.

რამდენიმე თვის წინ ოპოზიციამ წარადგინა ჩრდილოვანი კაბინეტი. ჩვენ შევთანხმდით თათბირზე, რომ ეს თემა უნდა გაგვეკეთებინა. ჩავწერე რესპონდენტები, ფაქტობრივად, უნდა გასულიყო სიუჟეტი, მაგრამ წინა დღით დამირეკა პროდიუსერმა და მითხრა, რომ ქრონომეტრაჟის უკმარისობის გამო, ეს სიუჟეტი ეთერში ვერ გავიდოდა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ კვირის მთავარი პოლიტიკური თემა ეთერში ვერ გადიოდა ქრონომეტრაჟის არასაკმარისობის გამო“, – განაცხადა ჯანაძემ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების სამართლებრივ ინტერესებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ იცავს. ორგანიზაციის დახმარებით ჟურნალისტები სახალხო დამცველს მიმართავენ, შესაძლო დისკრიმინაციის დადგენისა და შრომით საქმიანობაში ჩარევასთან დაკაშირებით.