მენეჯმენტი კონფლიქტის შექმნის კაგებეშნიკურ სტრატეგიას იყენებს – მიქელაძე აჭარა ტვ-დან თანამშრომლების გათავისუფლებაზე

პუბლიკა

გუშინ აჭარის მაუწყებლიდან არხის დირექტორმა ტელევიზიის  3 თანამშრომელი – აჩო გურაბანიძე, გიორგი მურვანიძე და გუგა ქადიძე გაათავისუფლა.

არხის თანამშრომლები სამსახურიდან 3 პირის დათხოვნის ფაქტს „რეპრესიების გაგრძელებად“ აფასებენ, აქციებს მართავენ და დირექტორისგან გათავისუფლებულების სამსახურში აღდგენას მოითხოვენ. ბაჩო გურაბანიძე და გიორგი მურვანიძე „ალტერნატიული პროფკავშირების“ აქტიური წევრები და 26 ივნისს გამართული აქციის ორგანიზატორები იყვნენ. ისინი გათავისუფლებას თავიანთ აქტივობებს უკავშირებენ.

არხიდან 3 თანამშრომლის გათავისუფლებას ეხმაურება EMC-ის წარმომადგენელი თამთა მიქელაძე.

„აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა პროფკავშირის აქტიური და გამოცდილი კიდევ 2 წევრი – გიორგი მურვანიძე და ბაჩო გურაბანიძე გაათავისუფლა სამსახურიდან, დისციპლინური წესით. კონფლიქტი, რომელიც მათი გათავისუფლების საბაბი გახდა, სწორედ მენეჯმენტის მიერ შექმნილი მტრული, პოლარიზებული და აგრესიული სამუშაო გარემოს და პროვოკაციული მიდგომის შედეგია. მენეჯმენტი პირველივე დღეებიდან მაუწყებელში მხარეების შექმნის, დაპირისპირების და კონფლიქტის შექმნის კაგებეშნიკურ სტრატეგიას იყენებს. დღეს პირადი მონაცემების ამსახველი ვიდეო მასალაც იმავე სტილში გამოაქვეყნეს.

თითქმის 1 წელია ჩვენს ჟურნალისტებს ყველაზე მძიმე, აუტანელ და ღირსების შემლახავ პირობებში უწევთ მუშაობა და პარალელურად ბრძოლა საზოგადოებრივი მაუწყებლის საჯარო იდეისთვის. მათი ბრძოლა ურყევი და უწყვეტია. მაუწყებლის მენეჯმენტისთვის ეს წინააღმდეგობა და სოლიდარობა უმძიმეს გამოცდილებად იქცა, რადგან ის მათ პარტიულ ინტერესებს და არაპროფესიონალურ სახეს აშკარად ამხელს.

რამდენიმე კვირიანი პაუზის შემდეგ მენეჯმენტი რეპრესიებს აგრძელებს მაუწყებელში. ის ცდილობს დასაჯოს წინააღმდეგობაში ჩართული თანამშრომლები და სრულად დაეპატროს მაუწყებელს. ამ ნგრევის პარალელურად მენეჯმენტს არ გადაუდგამს არც ერთი პოზიტიური ნაბიჯი და არ შეუქმნია არც ერთი ღირებული ახალი პროექტი.

აშკარაა, რომ წინააღმდეგობაში ჩართულ შიდა ძალებს მენეჯმენტი სულ უფრო მეტად ასუსტებს. ამიტომ ერთი ორად მნიშვნელოვანია გარეთ ჩვენი მობილიზება და გაძლიერება“. – წერს თამთა მიქელაძე სოციალურ ქსელში.

აჭარის მაუწყებლის ოფიციალური განმარტებით, 3 თანამშრომლის გათავისუფლების მიზეზი მიმდინარე წლის 1 ივლისს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ადმინისტრაციის შენობაში მომხდარი ფაქტი გახდა. ტელევიზიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამუშაო საათებში მოხდა თანამშრომლებს შორის ფიზიკურ დაპირისპირება, რომლის დროსაც მაუწყებლის თანამშრომლებმა ერთმანეთს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

LB loan image desktop LB loan image mobile