„ჩვენ მეტი არაფერი დაგვრჩენია, გარდა იმისა, რომ გავმართოთ საპროტესტო აქციები და ასე მოვითხოვოთ ზაზას გათავისუფლება”, – ამის შესახებ უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის მამა მიხეილ გახელაძე აცხადებს.
მისი თქმით, როგორც ჩანს, მისი შვილის გათავისუფლებას ჯერ არავინ აპირებს და ამიტომაც მიმდინარეობს საუბარი ზაზა გახელაძის მოსანახულებლად, ოჯახის წევრების ცხინვალში ჩაყვანაზე.
„ახალი არაფერი მოგვისმენია. გვეუბნებიან, რომ გრძელდება მოლაპარაკებები, მაგრამ შედეგი არაა. საუბარი, რომ ცხინვალში შეგვიყვანენ ზაზას მოსანახულებლად, ცხადყოფს, რომ ჯერ არავინ აპირებს მის გათავისუფლებას. ჩვენ მეტი არაფერი დაგვრჩენია, გავმართოთ საპროტესტო აქციები და ასე მოვითხოვოთ ზაზას გათავისუფლება“, – განაცხადა მიხეილ გახელაძემ.
დღეს სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის მე-100 შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის დასრულებას ელოდებდონენ ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ირაკლი ანთაძემ მედიასთან განცხადების გაკეთებამდე შეხვედრის დეტალები უკანონო პატიმრობაში მყოფი გახელაძის ოჯახს გააცნო.
როგორც ზაზა გახელაძის დედამ, ნანა ბუნტურმა განაცხადა, ირაკლი ანთაძისგან კონკრეტული ვერაფერი გაიგო, გარდა იმისა, რომ საკითხზე მუშაობა გრძელდება.
„23-დან დავიწყებთ აქციებს. ჩვენ არავის ვადარდებთ, აქ ვიქნებით თუ ცხინვალის ციხეში, რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის. ჩვენც ჩავბარდებით, რა აზრი აქვს ჩვენს აქ ყოფნას?!“, – განაცხადა ნანა ბუნტურმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ირაკლი ანთაძის მტკიცებით, ზაზა გახელაძე და სხვა უკანონო პატიმრები შეხვედრის მთავარი თემა იყო. მისივე თქმით, ამ საკითხზე საერთაშორისო პარტნიორებმა მტკიცე მხარდაჭერა გამოხატეს, კონსულტაციები კი გრძელდება.