მგონი, შეკითხვები აღარავის აღარ უნდა დარჩეს – ალასანია სააკაშვილის გამოსვლაზე

პუბლიკა

გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ოჯახის წევრებმა მოინახულეს.

დედის, გიული ალასანიას შეფასებით, სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესებული არ არის.

მისი თქმით, ღელავდა, შეძლებდა თუ არა მისი შვილი სასამართლო პროცესზე ხანგრძლივი სიტყვით გამოსვლას. ალასანია იმედს გამოთქვამს, რომ სააკაშვილი 2 დეკემბრის პროცესზეც წარდგება.

გიული ალასანიამ სააკაშვილის 29 ნოემბრის გამოსვლაც შეაფასა.

„მაგის გამოსვლა იყო ძალიან საინტერესო, ბევრი რამე გავიგე, რაც არ ვიცოდი. ვფიქრობ, რომ ამ  დეტალების მოსმენის შემდეგ 7 ნოემბერთან დაკავშირებით, რაც მოვისმინეთ, მე მგონი, შეკითხვები აღარავის აღარ უნდა დარჩეს“, – განაცხადა ალასანიამ.

სააკაშვილის დედას მისი ბრალდების ერთ-ერთ ეპიზოდზე ჰკითხეს, რომლის მიხედვით, მან სახელმწიფო ფინანსები შვილის სწავლის საფასურის გადასახდელად გამოიყენა.

ალასანია ამბობს, რომ ამ საკითხზე შვილთან არ უსაუბრია, თუმცა ფიქრობს, რომ „აბსოლუტურად გამორიცხულია“ მსგავსი რამ.

„ადამიანი მზად იყო, ჩვენთვის წაეგლიჯა ყველაფერი და დაედო, ასეთი ადამიანია. ჩემი მშობლების სახლი დაანგრია წასვლის წინ, რომ იქ ბიბლიოთეკა დაედგა. სწავლის ფული, რას ლაპარაკობთ,  აბა, ვნახოთ ერთი დოკუმენტი“, – განაცხადა ალასანიამ.


29 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილი პირველად წარდგა სასამართლოს წინაშე.