მგონია, კობახიძეს განათლება მესამე რაიხის დროს აქვს მიღებული, ისეთი წარმოდგენა აქვს ევროპულ ცივილიზაციაზე - სამადაშვილი

პუბლიკა

„ლელოს“ პოლიტიკური ჯგუფის წევრი, დეპუტატი სალომე სამადაშვილი პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ მმართველ გუნდს „ევროპული სტანდარტზე უცნაური წარმოდგენა აქვს“.

„ბატონი კობახიძე გამოდიოდა და საუბრობდა, რომ საქართველო არის თურმე, მისი შეხედულებით, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, ამტკიცებს, რომ არის ევროპული ცივილიზაციის ნაწილი.

საერთოდ, ბატონ კობახიძეს რომ ვუსმენ, რომელსაც ხშირად მოაქვს თავი თავისი განათლებით ევროპაში, მგონია, რომ გერმანიაში აქვს განათლება მიღებული, მაგრამ, დაახლოებით, 1933-დან 1945 წლამდე ისტორიულ პერიოდში, მესამე რაიხის დროს, ისეთი უცნაური წარმოდგენა აქვს ამ ევროპაში განათლებულ ადამიანს იმაზე, რა არის თანამედროვე, ევროპული, დემოკრატიული ცივილიზაცია.

ბატონ კობახიძეს, როგორც ჩანს, მიაჩნია, რომ დილეგში ჩაგდებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თრევა და მის მიმართ არაადამიანური მოქცევა არის ვეროპული საქციელი;

ბატონ კობახიძეს, როგორც ჩანს, მიაჩნია, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შეთანხმებული დოკუმენტის უკან მიგდება ევროპისთვის არის ევროპული საქციელი;

ბატონ კობახიძეს, როგორც ჩანს, მიაჩნია, რომ კარადაკარ სიარული ევროპაში და დამტკიცება იმის, რომ ქვეყანაში უკანასკნელი ბასტიონი, დამოუკიდებელი საკონსტიტუციო ინსტიტუტი, სახალხო დამცველი არის „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტი პროექტი, არის ევროპული საქციელი;

ბატონ კობახიძეს, როგორც ჩანს, ისიც სჯერა, რომ პუტინის სურათის ტრიალისთვის სატელევიზიო სივრცეში უნდა დააჯარიმო დამოუკიდებელი ტელევიზია და ეს არის ევროპული საქციელი;

ალბათ, იმისიც გჯერათ, რომ თქვენი პოლიტიკური  პროკურატურა როდესაც ემუქრება დამოუკიდებელ ტელევიზიას საგამოძიებო სიუჟეტისთვის, ესეც არის სწორედ ისეთი საქციელი, რომელიც არის  კარგი მაგალითი ევროპული სტანდარტებისა.

ალბათ, იმისაც გჯერათ, რომ ეს ქვეყანა რომ შედის მსოფლიოში 10 ყველაზე სახიფათო ქვეყანაში კოვიდის გავრცელებით, ესეც ევროპული სტანდარტია და განათლების სტანდარტით მსოფლიოში გამოკითხული ქვეყნებიდან ყველაზე ქვემოთ რომ ვართ, დაბალ ათეულში, ალბათ, ესეც ევროპული სტანდარტია;

უცნაური წარმოდგენა გაქვთ, რბილად რომ ვთქვა, რა არის ევროპული სტანდარტი“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.


„გვაქვს ამბიცია, რომ ვართ ცივილიზებული, ევროპული ყაიდის საზოგადოება, რომლისთვისაც მიუღებელი და შეუთავსებელია ის დანაშაულები, რომელსაც წინა რეჟიმი, წინა ხელისუფლება ჩადიოდა და ჩვენ ვიმსახურებთ არსებითად სხვა ტიპის სისტემას, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოში 2012 წლის შემდეგ“, – განაცხადა დღეს საპარლამენტო ტრიბუნიდან ირაკლი კობახიძემ.