სააკაშვილის გამოსვლამ, ალბათ, ყველას გაგვახსენა მარკესის „პატრიარქის შემოდგომა“ - კობახიძე

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტში პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური გამოსვლების დროს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს გამოეხმაურა.

„სააკაშვილის გუშინდელმა გამოსვლამ, ალბათ, ყველას გაგვახსენა მარკესის ცნობილი ნაწარმოები „პატრიარქის შემოდგომა“. გუშინ ჩვენ ვიხილეთ ყოფილი დიქტატორი, რომელიც მისტირის ჭარბ ძალაუფლებას, რომელიც ჰქონდა თავის დროზე და რომელსაც ის წლები ბოროტად იყენებდა.

გვახსოვს მის მიერ ჩადენილი დანაშაულები და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ გარდა წარსულში ჩადენილი დანაშაულებისა, ის დღესაც, დღემდე, რომ გამოვიყენოთ სისხლის სამართლის ტერმინოლოგია, არის საზოგადოებისთვის საშიში.

ჩვენ რომ დავუშვათ თეორიულად, რომ მას განეხორციელებინა გეგმა, რომლითაც ის ჩამოვიდა საქართველოში, ტრაილერის მაცივრით, პროდუქტებთან ერთად, მაშინ შესაცოდი იქნებოდა ჩვენი ქვეყანა და ხალხი, მაგრამ ეს არის მხოლოდ თეორიული დაშვება და ეს ვერ მოხდებოდა, ხელისუფლება დგას მოწოდების სიმაღლეზე და მუშაობს ისე, როგორც უნდა მუშაობდეს.

წამება, არაადამიანური მოპყრობა, გაუპატიურება, მედიის მიტაცება, ბიზნესის რეკეტი, მონოპოლიზაცია,  ტერიტორიების გადაცემა, ეს არის მცირე ჩამონათვალი სააკაშვილის, მისი რეჟიმის და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულებისა.

ამის გამეორებას ჩვენი ქვეყანა და ხალხი არ იმსახურებს და ბუნებრივია ეს დანაშაულები არ გამეორდება. გვაქვს ამბიცია, რომ ვართ ცივილიზებული, ევროპული ყაიდის საზოგადოება, რომლისთვისაც მიუღებელი და შეუთავსებელია ის დანაშაულები, რომელსაც წინა რეჟიმი, წინა ხელისუფლება ჩადიოდა და ჩვენ ვიმსახურებთ არსებითად სხვა ტიპის სისტემას, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოში 2012 წლის შემდეგ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. 7 ნოემბრის საქმეზე განხილვა გაიმართა, რომელსაც ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი დაესწრო. მოსამართლეთა კოლეგიამ მას ნება დართო, სხდომაზე ესაუბრა. სააკაშვილი საათზე მეტხნიან გამოსვლაში შეეხო თავის ბრალდებებს, საქართველოში ჩამოსვლისა და ციხეში ყოფნის თემებს.

სააკაშვილის პოზიციაა, რომ სურს, დაესწროს 2 ოქტომბერს ე.წ. პიჯაკების საქმის პროცესსაც.