მინიმალური სიმპტომების მქონე ბავშვიც არ უნდა გაუშვას მშობელმა სკოლაში - კულუმბეგოვი

პუბლიკა

„მინიმალური სიმპტომების მქონე ბავშვიც არ უნდა გაუშვას მშობელმა სკოლაში“, – განაცხადა იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ჯანდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ. როგორც მან აღნიშნა, ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად, „ომიკრონის“ შტამის გამო, შემთხვევების მკვეთრი ზრდა სწორედ ბავშვებშია მოსალოდნელი.

კულუმბეგოვის განმარტებით, ბავშვებში „ომიკრონის“ გადადების მაღალი რისკი უკავშირდება იმ პოპულაციის აუცრელობას (12 წლამდე ბავშვებისა), რომლებთანაც ვაქცინაცია არ არის დაშვებული –

„იქ არის ყველაზე დიდი არიალი და გასაქანი „ომიკრონის“, ასეთი სწრაფი, ელვისებური და ხანძრისებური გავრცელების პოტენციის მქონე ვირუსისთვის“, – აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

„ჩვენ ვიცით, რომ პრობლემები არსებობს – მშობელს ბავშვის სახლში დატოვების პრობლემა აქვს. ამიტომ, შევეცადოთ, რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას. მეტ-ნაკლებად, განათლების სამინისტრო ამას კარგად მართავდა წინა პერიოდში, არდადეგებამდე – ჩვენ ამას ვხედავდით. სადაც ფიქსირდებოდა, იქ იხურებოდა კონკრეტული ჯგუფები ან, თუ საჭირო იყო, სკოლის გამოთიშვა ხდებოდა სასწავლო პროცესიდან. ამიტომ, ვფიქრობ, ამ რეჟიმით შესაძლებელია, მშობლებმა მაქსიმალური პასუხისმგებლობა გამოიჩინონ“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.


განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, საჯარო სკოლებში არდადეგები 29 დეკემბერს დაიწყო და სწავლა 17 იანვარს უნდა განახლდეს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ჯერჯერობით, სასწავლო პროცესის დაწყების გადავადებაზე რეკომენდაცია არ არის.

LB loan image desktop LB loan image mobile