„მიშა არის იდეა, რომელმაც გაგვაერთიანა და მისი დაბრუნება ჩვენი ამოცანაა" - დარჩიაშვილი

პუბლიკა

რუსთავი ციხესთან მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა. აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა დავით დარჩიაშვილმა. ის ორჯერ გახდა პარლამენტის დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით.

„გამარჯვება ჩვენ ერთად, მე აქ წარმოვადგენ ჩემს თავს და თქვენ. ისევე როგორც თქვენ, ყველანი, წარმომადგენთ მე ამ ცხოვრებაში და ამ ბრძოლაში.

ჩვენ ვართ ერთნი, ჩვენ აქ ვართ ათასები და ჩვენს უკან ასეულ ათასები.

ჩვენ გვეძახიან ბელადომანებს, ჩვენ არ ვართ ბელადომანები, მიშა არ არის ბელადი. აქ ბევრია ის ადამიანი და მეც, რომლებსაც გვიკამათია მიშასთან და ეს კამათი ზოგჯერ უთანხმოებაშიც გადასულა. ეს ყველაფერი ეხებოდა კონკრეტულ საკითხებს, ამოცანებს, გადაწყვეტილებებს.

ამ დროს მიშა არის იდეა, რომელმაც გაგვაერთიანა და როგორც კი ის აღარ არის ჩვენ გვერდზე, ჩვენ სხვა ამოცანა არ გვაქვს თუ არა მისი დაბრუნებისა.

მან მე პირადად ორჯერ გამიღვიძა მიძინებული განცდა, რომ ამ ქვეყანას აქვს არა მარტო დიდი წარსული, შესაძლებელია გწამდეს მისი აწმყოც და მომავალიც. პირველად ეს იყო 2003 წელს, როდესაც სახელმწიფო, რომელიც ჩემთვის უცხო იყო, შეანჯღრია. მართლაც თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე შეაყენა, ეს იყო მიშა სააკაშვილი.

რა თქმა უნდა, მის ირგვლივ იყვნენ და დღესაც არიან ადამიანები, ბევრი აქ ხართ, ვინც მაშინაც იყო მის გვერდზე. ყველაფერს სჭირდება ძრავა, მიშას ენერგია და გონება იყო ის ძრავა, რომელიც ამ ქვეყანას წინ მიაქანებდა.

მეორედ ეს იყო 2021 წელი, ამ 9-წლიანი უდროობის, უჟამობის, მოლოქის ბატონების პერიოდში უცებ დაბრუნდა მიშა და კვლავ ჩაგვესახა იმედი და ეს კედლები არაფერია იმ იმედთან შედარებით, რომელიც ჩვენ გვაქვს, გვაერთიანებს და რომელიც აუცილებლად გაიმარჯვებს. ჯანმრთელობა და დღეგრძელობა მიხეილ სააკაშვილს“, – განაცხადა აქციაზე დავით დარჩიაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი 36-ე დღეა შიმშილობს. სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პარლამენტში შიმშილობს ელენე ხოშტარია. დღეს შიმშილობა დაიწყო „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა, გიგლა თუმანიშვილმა, მისი მოთხოვნაც იგივეა.

„ქართული ოცნების“ ლიდერებისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ციხეში იღებს ფაფებს და საკვებ დანამატებს.

აღნიშნულ ინფორმაციას გამოეხმაურა ომბუდსმენი და განაცხადა, რომ 30 ოქტომბრიდან სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსისა და დაწესებულების სამედიცინო პერსონალის თხოვნით, სამედიცინო დანიშნულებით, მცირე ოდენობით იღებდა წვენებსა და მინერალური შემცველობის პიურეებს.

„ამ პროდუქტს მას თავად სამედიცინო პერსონალი აწვდიდა, რომელთა განმარტებით, აღნიშნული ვერ შეფასდება, როგორც საკვები და მცირე დოზით, თხევადი სახით მათი მიღება განპირობებულია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით”, – განაცხადა ომბუდსმენმა.