„მითების დეტექტორმა“ სოციალურ ქსელ Facebook-ში ონისე ოქრიაშვილთან დაკავშირებული პოსტები შეისწავლა და მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა. ანგარიშში აღწერილია, როგორ დაიწყო ონისე ოქრიაშვილის წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანია და როგორ გაგრძელდა ის მასზე ფიზიკური თავდასხმის შემდეგ.
MMA-ს მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა 29 ივლისს „სიწმინდეების, რელიგიისა და ეროვნული იდენტობის დაცვის“ მიზნით, მოძრაობის შექმნა დააანონსა. ამას წინ უძღოდა წინა დღეებში იუმორისტსა და აქტივისტზე ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმა. საქმეში ბრალდებულმა ნიკოლოზ ხურცილავამ საბაბად ონისე ოქრიაშვილის მიერ ნოდარ დუმბაძეზე გაჟღერებული ხუმრობა დაასახელა და ძალადობა „ეროვნული ფასეულობებისა და კულტურის შეურაცხყოფის“ აღკვეთის მცდელობად წარმოაჩინა.
ავტორების თქმით, ონისე ოქრიაშვილის წინააღმდეგ მიმართული კამპანია თავდასხმამდე დაიწყო და თავდასხმის შემდეგ ძალადობის გამართლებისა და ბრალდებულის მხარდაჭერის მიმართულებით გაგრძელდა, რომელშიც ჩართულები იყვნენ პროსახელისუფლებო მედია, პოლიტიკური აქტორები, ექსპერტები, ანტიოპოზიციური გვერდები და ყალბი ანგარიშები. კამპანიის ნაწილი კი დაფინანსებული პოსტებით გავრცელდა.
კვლევის თანახმად, ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმამდე დისკრედიტაციას იწყებენ პროსახელისუფლებო მედიები და ფეისბუკგვერდები, რომლებიც კონტექსტიდან ამოღებული ძველი ვიდეოებითა და განცხადებებით ოქრიაშვილს ეროვნული, კულტურული და რელიგიური ღირებულებების შეურაცხმყოფელ პირად წარმოაჩენდნენ.

ამავე კვლევის მიხედვით, თავდასხმის შემდეგ ძალადობა „ეროვნული ღირსების დაცვად“ შეიფუთა, რადგან გავრცელებული პოსტები და განცხადებები ძალადობის მორალურ გამართლებას ემსახურებოდა.
ამის შემდეგ კამპანია ახალი დისკრედიტაციის მასალებით გაგრძელდა. ვრცელდებოდა ძველი ვიდეოფრაგმენტები, მათ შორის, რელიგიურ თემებთან დაკავშირებული ჩანაწერები, რის გამოც ყურადღება ძალადობიდან დაზარალებულის გამონათქვამებზე გადავიდა.
მონიტორინგის თანახმად, დისკრედიტაციის კამპანიაში კოორდინირებული და ყალბი ანგარიშების ჩართულობის ნიშნებიც გამოიკვეთა.
მონიტორინგის თანახმად, ონისე ოქრიაშვილის დისკრედიტაციის კამპანიის ნაწილი დაფინანსებული იყო. დაფინანსებულ პოსტებში ოქრიაშვილი და მისი მხარდამჭერები „ანტიქართულ“ ძალებად იყვნენ წარმოდგენილი, ხოლო თავდამსხმელის განცხადებები ძალადობის გამართლების კონტექსტში ვრცელდებოდა.

როგორც მონიტორინგმა აჩვენა, ჩართულ აქტორებს შორის იყვნენ:
„ქართული ოცნების” და „ხალხის ძალის” წარმომადგენლები: დიმიტრი სამხარაძე, ცოტნე ანანიძე, ირაკლი ზარქუა, მიხეილ ყაველაშვილი, ლევან კოჭლოშვილი;
პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მედია: TV Imedi, Rustavi2, POSTV- ანალიტიკა, რადიო სივრცე FM 98.5 Radio Sivrce; მედიაჰოლდინგი “კვირა”; ongo; Newshub.ge – ნიუსჰაბი; რეპორტიორი, მხარე, ლიდერი, აი უცნობი; მედიაჰოლდინგი კვირა; საინფორმაციო სააგენტო INFO9; primetime, infopostalioni, xnews; nsp.ge; საერთო გაზეთი.
პროსახელისუფლებო ექსპერტები და „ქართული ოცნების” მხარდამჭერები: გია აბაშიძე, ნიკოლოზ მეტრეველი, ლადო სადღობელაშვილი, დავით ჩიხელიძე, ედიშერ გვენეტაძე, დავით ქართველიშვილი; შაკო ჩაჩანიძე, Beqa Chkhaidze, ლეილა ცინცაძე-მელიქიძე, ირაკლი ჯანყარაშვილი.
ანტიოპოზიციური და სხვადასხვა პროფილის სახელისუფლებო ფეისბუკგვერდები: „პოლიტიკანი“, „აკაცუკეთი“, „განულებული ოპოზიცია“; „Gogaggg“; „მსოფლიოს საინტერესო ამბები“; „უსტარი“, „ახლა • Akhla“.
კვლევის დროს გამოიკვეთა, რომ მას შემდეგ, რაც ნიკოლოზ ხურცილავა დააკავეს, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა, ანტიოპოზიციურმა ფეისბუქგვერდებმა, პროსახელისუფლებო ექსპერტებმა იდენტური საინფორმაციო ბარათები გააზიარეს ნოდარ დუმბაძისა და ონისე ოქრიაშვილის ფოტოებითა და ტექსტით, სადაც ეწერა: „ვინც დუმბაძეს იცავს, ციხეში არ უნდა იჯდეს! გააზიარე თუ ეთანხმები”. ავტორების განმარტებით, გავრცელებული გზავნილები თავდამსხმელის პასუხისმგებლობის შემსუბუქებისკენ იყო მიმართული.
როგორც კვლევის ფარგლებში გამოვლინდა, ყალბი ანგარიშები ჩაერთნენ არა მხოლოდ თავდამსხმელი ნიკოლოზ ხურცილავას მხარდაჭერის კამპანიაში, არამედ მოგვიანებით, MMA-ს მებრძოლის გიორგი ქართველიშვილის მიერ დაანონსებული მოძრაობის მხარდასაჭერ კამპანიაშიც. გამოვლენილი ყალბი ანგარიშები ავრცელებდნენ იდენტურ ან მსგავს გზავნილებს, მხარს უჭერდნენ როგორც თავდამსხმელს, ისე გიორგი ქართველიშვილის ინიციატივას.
მონიტორინგმა კოორდინირებული კამპანიის ფარგლებში არაავთენტური ანგარიშების ქცევის რამდენიმე მახასიათებელი გამოავლინა, მათ შორის, ყალბი ანგარიშების სახით, რომლებიც სახელისუფლებო პოსტებზე იწონებდნენ და მათზე აკომენტარებდნენ. მონიტორინგმა ასევე გამოავლინა ტროლი, რომელიც იდენტური შინაარსის კომენტარებს ტოვებდა სახელისუფლებო მედიის პოსტებზე. აღნიშნული ტროლი, სახელად ქეთევან მიქიაშვილი, „მითების დეტექტორს” ადრეც ჰყავს გამოვლენილი. ის წარსულში ხელისუფლების ოპონენტების დისკრედიტაციის პროცესში იყო ჩართული.

ტროლი სახელისუფლებო მედიამ რეალურ წყაროდ აქცია და მისი შეფასებები კოორდინირებულად გაავრცელა, ამასთან მის ნათქვამს, როგორც რეალური ადამიანის მოსაზრებას, ისე ციტირებდა. ნიკო ხურცილავას გასამართლებლად ტროლის მიერ დაწერილი ფეისბუქპოსტი, კოორდინირებულად ვებსა და ფეისბუქზე 13-მა სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის ონლაინგამოცემამ და ორმა სახელისუფლებო ტელევიზიის ფეისბუქგვერდმა გაავრცელა.
18 ივლისს, ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე კი, იგივე ყალბი ანგარიშის, ქეთევან მიქიაშვილის პოსტი, რომელშიც იგი ონისე ოქრიაშვილს ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფაში ადანაშაულებდა, პროსახელისუფლებო ტელევიზიების ფეისბუქგვერდებზე – „პოსტვ ანალიტიკა”, „რუსთავი 2″- საინფორმაციო ბარათის სახით გავრცელდა.
მონიტორინგის პროცესში გამოვლინდა ანონიმური ანგარიში – Mai Dire Mai – რომლის პროფილი 2025 წლის სექტემბერშია შექმნილი და რომელიც იდენტური შინაარსის კომენტარს, იდენტური გრამატიკული და სტილისტური შეცდომებით, 4 სახელისუფლებო მედიის, კერძოდ, რუსთავი 2-ის, იმედის, პოსტვის, “ახლას” ფეისბუქპოსტებზე ტოვებდა.

კვლევის თანახმად, გიორგი ქართველიშვილის მიერ დაანონსებული „მყისიერი რეაგირების“ მოძრაობის მხარდაჭერის კამპანიაში ჩართული იყო 15 ყალბი ანგარიში. მათი უმეტესობის ძირითადი აქტივობა პროსახელისუფლებო მედიის პოსტების მოწონება იყო, ხოლო ნაწილი მოძრაობის მხარდამჭერ ინდივიდუალურ კომენტარებს ტოვებდა.