მიტროპოლიტი იაკობი შერიგებაზე: სჯობს, ეკლესიაში შევიკრიბოთ

პუბლიკა

„თუ არა ეკლესიაში, შანსი არაა ჩვენი შერიგების. ეკლესიაში შერიგება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ერთმანეთის ღირსებას გავუფრთხილდებით.“ – განაცხადა მიტროპოლიტმა იაკობმა ქადაგებისას. მისი თქმით, ის იმედით აღივსო, რადგან ყველა საუბრობს შერიგებაზე.

მიტროპოლიტი მხარეებს ეკლესიაში შეკრებას სთავაზობს. „რაც მთავარია, ყველას შერიგება უნდა მოხდეს და ეს იცის ეკლესიამ, როგორ უნდა მოხდეს.“ – განაცხადა მიტროპოლიტმა იაკობმა ქადაგებისას.

„ეკლესიაში პატრიარქმა და ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს, რომ ერი გაერთიანდეს, ასე დაყოფილები აღარ ვიყოთ. ყველა მხარეს, ყველა ჩვენია. განა არ შემიძლია მართლის და მტყუანის გარჩევა, მაგრამ დღეს ის დროა, რომ მხარეს ვეღარ იჭერ. ჩვენ შეიძლება, ერთი მხარე ავირჩიოთ.ეს საქართველოა. სხვა სამშობლო ჩვენ ქართველებს არ გაგვაჩნია. მაშინაც ვთქვი შერიგებაზე და ვცდილობ, მხარედ არ გამოვჩნდე. კარგად ვიცი, სად არის სიმართლე და ჭეშმარიტება, მაგრამ დგება დრო როცა – ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების.“ – განაცხადა ქადაგებისას მიტროპოლიტმა.


„სამი პრეზიდენტის“ შეხვედრის იდეაზე თავის ერთ-ერთ ბოლო წერილში ისაუბრა მიხეილ სააკაშვილმა. ის ფიქრობს, რომ ეს მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იქნება და სალომე ზურაბიშვილსა და გიორგი მარგველაშვილს  გორის ჰოსპიტალში შესთავაზა შეხვედრის გამართვა.

გიორგი მარგველაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ „ინკლუზიური პროცესის“ დასაწყებად „სამი პრეზიდენტის შეხვედრა“ „ძალიან ადეკვატური“ იქნება. ამის შესახებ მან „მთავარი არხის“ ეთერში ისაუბრა. მისივე თქმით, ეს შეხვედრა უნდა გაიმართოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში და იმ შემთხვევაში, თუ ამჟამინდელი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი იტყვის, მარგველაშვილის თქმით, სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გამოიყვანენ.