„მიუღებელია. გვქონდა შესაბამისი რეაგირება“ - საგარეო 3+3 შეხვედრაზე საქართველოს დროშის დადგმას ეხმაურება

პუბლიკა

მოსკოვში 10 დეკემბერს 3+3 ფორმატის პირველი შეხვედრა გაიმართა. საქართველოს მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობაზე უარის მიუხედავად, შეხვედრის ამსახველ ფოტოში სხვებთან ერთად საქართველოს დროშაც ჩანს.

ამასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო უწყებამ განცხადება გაავრცელა და ფაქტს მიუღებელი უწოდა. მათი მტკიცებით, უწყებას შესაბამისი რეაგირებაც ჰქონდა.

„ქართულმა მხარემ არაერთხელ დააფიქსირა საკუთარი მკაფიო პოზიცია 3+3 რეგიონულ ფორმატთან დაკავშირებით, რომ არ განვიხილავთ აღნიშნულ ფორმატში საქართველოს მონაწილეობას. 10 დეკემბერს მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს დროშა, რაც ბუნებრივია მიუღებელია ჩვენთვის და რაზეც გვქონდა შესაბამისი დიპლომატიური არხების მეშვეობით რეაგირება“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტროს კომუნიკაციის დირექტორატი ავრცელებს.