„მიუხედავად შეზღუდვებისა, რაღაცნაირად მოვახერხებთ პროტესტის გაგრძელებას“ - მარიტა მუსელიანი

პუბლიკა

„რაღაცნაირად მოვახერხებთ პროტესტის გაგრძელებას, მიუხედავად შეზღუდვებისა“, – განაცხადა  „მთავარ არხთან“ საუბრისას ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტმა, მარიტა მუსელიანმა. მესამე დღეა, ადგილობრივ აქტივისტებსა და მათ მხარდამჭერებს პოლიცია სოფელ ნამოხვანისკენ გადაადგილებას უზღუდავს. სამართალდამცავებს გზა ჩაკეტილი აქვთ სოფელ გუმათთან.

გუშინ სოფელ გუმათში თავისუფლად გადაადგილების მოთხოვნით აქციაც გაიმართა. სამართალდამცავებმა პროტესტის მიუხედავად, გზა არ გახსნეს. აქტივისტებმა კი გუმათჰესთან კიდევ ერთი საპროტესტო კარავი გაშალეს:

„ჩვენ დასათმობი და უკან დასახევი გზა, უბრალოდ, არ გვაქვს. გუმათში კარავი დავამატეთ. ძირითადი ეპიცენტრი რჩება მაინც იქ [ნამოხვანში], სადაც სამშენებლო არიალია. ჩვენი ჯგუფის ძირითადი ნაწილიც იქ დგას. აქ დაგვემატნენ ახალი ადამიანები. ყველაფერი კარგად მიდის და მეორე კერა გაკეთდა. ეს ჩვენთვის ახალი შედეგია. მაინცდამაინც ბევრი არაფერი დაგვიკარგავს“, – აღნიშნა მარიტა მუსელიანმა.

საპროტესტო მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“  აქტივისტი თემო ასათიანი „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ სოფელ გუმათში, პოლიციამ ნამოხვანამდე მისასვლელი გზა ამჯერად რკინის ჯებირებით გადაკეტა.

კიდევ ერთი აქტივისტის, კახა ასათიანის ინფორმაციით, ხეობაში პოლიცია დღესაც მობილიზებულია. კახას თქმითვე, ადგილზე ამ ეტაპზე სიმშვიდეა, თუმცა პოლიციის გარკვეული რაოდენობა კვლავ მობილიზებულია და კომპანია სამუშაოებს განაგრძობს.


3 აპრილს ნამახვანჰესის ინვესტორმა კომპანიამ, ENKA-მ სამუშაოები განაახლა. მოსახლეობამ სამუშაოების განახლება გააპროტესტა, ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც. დააკავეს აქციის 2 მონაწილეც, რომლებიც, „რიონის ხეობის მცველების თქმით, მალევე გაანთავისუფლეს.

გადაადგილების შეზღუდვასთან და საკომუნიკაციო საშუალებების დახშობასთან დაკავშირებით განცხადება გუშინ გაავრცელა შსს-მ. მათი თქმით, „უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, გარკვეულ მიმართულებებზე გადაადგილების შეზღუდვა დროებით ძალაში რჩება, რათა თავიდან იქნას აცილებული მოსალოდნელი საფრთხეები და სიტუაციის შემდგომი ესკალაცია“.

შსს-ს თქმითვე, „გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პოლიციის მიერ რიონის ხეობაში საკომუნიკაციო სიგნალის ჩამხშობი აპარატურის გამოყენება მოხდა, არ შეესაბამება სიმართლეს“.