მივესალმები ხოშტარიას და იმ ახალგაზრდებს, რომლებიც შიმშილობენ - სააკაშვილი

პუბლიკა

„მივესალმები ელენე ხოშტარიას და იმ ახალგაზრდებს, რომლებიც სოლიდარობის ნიშნად შიმშილობენ რუსთავის ციხესთან და იმავეს აპირებენ სამეგრელოში“, – საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ საააკშვილი პენიტენციური დაწესებულებიდან განცხადებას ავრცელევს.

„მივესალმები მთელ საქართველოში მიმდინარე სამოქალაქო ერთიანობისა და აქტივობის პროცესს. ქართველმა ხალხმა მოახდინა საარჩევნო რევოლუცია, როდესაც ყველა ქალაქში დაამარცხა „ოცნება“, და ის, რომ გამყალბებლებით, სიის მაგიდის ქალბატონებით, და ძველი ბიჭებით თქვენ ეს გამარჯვება მოგპარეს, სულაც არ მეტყველებს რეჟიმის სიძლიერეზე.

რეჟიმს, რომელსაც სიტყვა რევოლუციაზე აკანკალებს, სიმტკიცის მარაგი მთლიანად ამოწურული აქვს და ახლა ჩვენი გამოსვლებით ყველგან ვაჩვენებთ მსოფლიოს და ივანიშვილს, რომ ჩვენი გამარჯვება გვეკუთვნის მხოლოდ ჩვენ და ასეთი სიმწრით მოპოვებული გამარჯვება ხალხს უნდა დავუბრუნოთ“, – წერია სააკაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მან მოუწოდა იმ ადამიანებს, რომლებსაც აიძულეს ხმის გაყალბება, სიმართლე თქვან. მისი თქმით, პარტიული კუთვნილებითა და წარსული საქმიანობით დაყოფის დრო აღარ არის.

„დრო არის ერთიანობისა და ბრძოლის. ჩვენ არცერთ ერზე ნაკლები არ ვართ და ბრძოლა აუცილებლად მოგვიტანს შედეგს. რეჟიმი ძალიან სუსტია. რაც შეეხება იმ მოლოდინს, რომ იგივე რეჟიმი, რომელმაც სრულად სასაცილო საქმეები შემიკერა ახლა შემიწყალებს, ნურავის ნუ გვაქვს ამის მოლოდინი.

მე ვარ პუტინის პირადი პატიმარი, ესენი პირდაპირ იღებენ მითითებებს მოსკოვიდან და ამგვარად ჩემი გათავისუფლება შეუძლია მხოლოდ ქართველ ხალხს, რომელიც გაითავისუფლებს თავის თავს, გამათავისუფლებს მეც. მე არ მსურს არცერთი თანამდებობა, მინდა სიცოცხლე, თავისუფლება, შესაძლებლობა თავისუფლად გადავაადგილდებოდე საქართველოში და თავისუფალ, ბედნიერ ადამიანებს შორის“, – ნათქვამია გავრცელებულ წერილში.

 


გუშინ პარტია „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანამდე პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო.