მივიღეთ გადაწყვეტილება, სააკაშვილის გარშემო გაკეთდეს „გამარჯვების პლატფორმა“ - ხაბეიშვილი

პუბლიკა

„უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ მიხეილ სააკაშვილის გარშემო გაკეთდეს „გამარჯვების პლატფორმა“ და დიახ, მიხეილ სააკაშვილი იქნება მოწინავე და მთავარი, ვინც ბიძინა ივანიშვილის რუსული პარტიის დამარცხებაში შეიტანს ლომის წვლილს და დიახ, მიხეილ სააკაშვილის გარშემო, „სტრატეგია აღმაშენებელთან“, სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად გავიმარჯვებთ რუსულ პარტიაზე, “  –  განაცხადა  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა დღეს გამართულ შეხვედრაზე.

ის პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლებთან ერთად საკრებულოს წევრებს შეხვდა.

„ერთად გავიმარჯვებთ რუსულ პარტიაზე. ძალიან მოკლედ მინდა გითხრათ ის ამოცანები და მიზნები, რაც გვაქვს ჩვენ. პირველი და მნიშვნელოვანი – ჩვენ ვპირდებით ჩვენს პენსიონერებს, რომ 400 ათას პენსიონერს გაუნულდებათ საპენსიო სესხი. მეორე – ჩვენ ვამბობთ, რომ ყველა სკოლის მოსწავლეს და ასეთი არის 600 ათასამდე საქართველოში – უნდა ჰქონდეთ უფასო კვება. მესამე – ჩვენ ვამბობთ, რომ ბიტკოინებიდან მილიარდებს რომ იპარავს ბიძინა ივანიშვილი და დაახლოებით წელიწადში ივანიშვილი, მამაცაშვილი, ხიდაშელი, ფარცხალაძე ათ მილიარდამდე ლარს პარავს ჩვენს მოსახლეობას. ჩვენ ვამბობთ, რომ მოპარვის ნაცვლად ტარიფები უნდა დაუბრუნდეს იმ ნიშნულს, რა ნიშნულიც იყო და ყაჩაღური ტარიფები, რასაც თქვენ ელექტროენერგიაში იხდით და საზოგადოებას შევახსენებ, რომ თქვენ იხდით 18-22-26 თეთრს და ბიძინა ივანიშვილი იხდის 8 თეთრს.

ამიტომ ჩვენი ამოცანა იქნება ხალხის მსახურება და თქვენთან ერთად, ვინც ხართ საკრებულოს წევრები შეკრებილები „ნაციონალური მოძრაობიდან“ „სტრატეგის აღმაშენებლიდან“, მოგესალმებით თითოეულ თქვენგანს და თქვენ იქნებით ამ გამარჯვების არა თუ თანამონაწილეები, არამედ ფრონტის წინა ხაზზე,“  – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.