„მიზანია შულავერის კომიტეტის გეგმების გამომზეურება“ - კობახიძე ხვალინდელ აქციაზე

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ თვამჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან ხვალ დაგეგმილი აქციის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ხვალინდელ აქციაზე დასახელებულ გეგმას აღსრულება არ უწერია.

„ხვალ მათ აქვთ დაგეგმილი, როგორც წინასწარ გამოაცხადეს, ბაკურიანის შეკრების გეგმების გამომზეურება, შულავერის კომიტეტის გეგმების გამომზეურება. ეს იქნება ხვალინდელი აქციის მიზანი, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ამ გეგმას აღსრულება არ უწერია.

წინა აქციაც და ხვალინდელი აქციაც არის ორგანიზებული ნაცმოძრაობის ახალგაზრდული ბოლშევიკური ფრთის მიერ, ეს არის „სირცხვილია“. ეს ყველამ ვიცით, “- თქვა კობახიძემ.


20 ივნისს რუსთაველის გამზირზე ფართომასტაბიანი აქცია გაიმართა. აქციაზე „სირცხვილიამ“, „გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ“ და კამპანიაში გაერთიანებულმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საზოგადოებას მანიფესტი წაუკითხეს და დააანონსეს ახალი სახალხო მოძრაობის შექმნა, რომელსაც ერქმევა „სახალხო მოძრაობა – შინ, ევროპისკენ!“. მომდევნო აქცია, ხვალ 24 ივნისს, 20:00 საათზეა დაგეგმილი.