თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და კურდამთავრებულები საერთო განცხადებით ეხმაურებიან პროფესორ, იაგო კაჭკაჭიშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებს და წერენ, რომ იაგო კაჭკაჭიშვილს მხარდაჭერას უცხადებენ.
„ღრმად გვწამს, რომ პროფესორთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები არ ემსახურება კეთილშობილურ მიზნებს და იკვეთება პროფესორის დევნისა და შევიწროების მცდელობის ნიშნები. ბოლო დღეების განმავლობაში კი ამ ეჭვების გასაქარწყლებლად საპასუხო ნაბიჯი არ გადადგმულა. ეთიკის კომისიის შექმნა და ბოლო თვეებში, კვირებსა და დღეებში განვითარებული მოვლენები უამრავ შეკითხვას ბადებს. მიგვაჩნია, რომ ეს პროცესი მოკლებულია ლოგიკურ დასაბუთებასა და არგუმენტირებულ მსჯელობას. ამ გაურკვევლობას კი ვერ პასუხობს კომისიის წევრთა განმარტება, რომელმაც კიდევ უფრო მეტი ბუნდოვანება წარმოშვა. ჩვენ არ შევალთ სამართლებრივ განხილვასა და დებატებში, თუმცა, გვსურს დავაფიქსიროთ, რომ ჩვენთვის მიუღებელია წარმოდგენა, თითქოს, უნივერსიტეტში არსებული პრობლემების გარშემო მსჯელობა უნივერსიტეტის კედლებშივე უნდა დარჩეს.
მიგვაჩნია, რომ წლების განმავლობაში დამკვიდრებულმა ამგვარმა პრაქტიკამ სასიკეთო შედეგი ვერ გამოიღო. უფრო მეტიც, თსუ მიიყვანა იმ პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე, რომლის ერთ-ერთი თვალსაჩინო გამოვლინებაა ბოლო დროს განვითარებული მოვლენები. ამასთან, სამწუხაროა აკადემიური პერსონალის ნაწილის მხრიდან პროფესორისადმი საჯარო სოლიდარობის ნაკლებობა (ისევე, როგორც უნივერსიტეტში მიმდინარე სხვადასხვა პრობლემურ საკითხზე საჯარო პოზიციის არქონა). მიგვაჩნია, რომ სწორედ ეს ადამიანები უნდა იდგნენ სოლიდარობისა და სამართლიანობის სადარაჯოზე, ვინაიდან თუ უნივერსიტეტი საკუთარ პროფესორს არ უცხადებს სოლიდარობას, სტუდენტებს კიდევ უფრო მეტი დაუცველობის განცდა ეუფლებათ.
ასევე, იაგო კაჭკაჭიშვილის შემთხვევის მიღმა, მიმდინარე პროცესს ვაფასებთ უფრო ფართო პერსპექტივიდან და აღვიქვამთ მას, როგორც კრიტიკულად განწყობილი ხმების განეიტრალების მცდელობად. ამის ფონზე, გვაქვს მოლოდინი, რომ სტუდენტები იქნებიან მოწოდების სიმაღლეზე და დააფიქსირებენ საკუთარ პოზიციას უნივერსიტეტში მიმდინარე არაჯანსაღ პროცესებთან დაკავშირებით.
აქვე, გვსურს, მხარდაჭერა გამოვუცხადოთ პროფესორ იაგო კაჭკაჭიშვილს, ის გარდა აკადემიური საქმიანობისა, ყოველთვის გამოირჩეოდა აუდიტორიის მიღმა უნივერსიტეტის გაჯანსაღებისთვის მიმდინარე პროცესების მხარდაჭერითა და მასში მონაწილეობით“,- ნათქვამია განცხადებაში.
თსუ-ის ეთიკის კომისიის დასკვნით იაგო კაჭკაჭიშვილმა „აკადემიური კეთილსინდისიერება დაარღვია (კომისიის გადაწყვეტილება ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე).