შეწყდეს იაგო კაჭკაჭიშვილის მიმართ უსამართლო ანგარიშსწორება - თსუ-ის პროფესორის მხარდასაჭერად პეტიცია ვრცელდება

პუბლიკა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის იაგო კაჭკაჭიშვილის მხარდასაჭერად პეტიცია ვრცელდება. სამეცნიერო და აკადემიური წრეების სახელით, პეტიციის ავტორები წერენ, რომ იაგო კაჭკაჭიშვილის მიმართ დაუსაბუთებელი ბრალდებებით უნივერსიტეტის რექტორი და ეთიკის კომისია მისი რეპუტაციის შელახვას ცდილობენ. პეტიციის ავტორები თსუ-ის აკადემიურ საბჭოს მოუწოდებენ, აღკვეთოს პროფესორ იაგო კაჭკაჭიშვილის მიმართ უსამართლო ანგარიშსწორება.

„ეს პროცესი გამჟღავნდა თსუ-ში შექმნილი ეთიკის კომისიის დასკვნის სახით, რომელმაც იაგო კაჭკაჭიშვილი დაადანაშაულა მეცნიერული კეთილსინდისიერების დარღვევაში; თუმცა, ეთიკის კომისიის ამ დასკვნას, ჩვენი ღრმა რწმენით, სამართლებრივი და აკადემიური საფუძველი არ აქვს.

თავად თსუ-ის ეთიკის კომისიის წევრებმა სოციალურ ქსელში გააკეთეს განმარტებები, რომლებშიც ერთმნიშვნელოვნად მიუთითეს, რომ, ე.წ. „ავტოპლაგიატის“ საკითხს 2001 წელს (როცა კაჭკაჭიშვილმა დაიცვა სადოქტორო დისერტაცია) არანაირი აკადემიური რეგულაცია არ განსაზღვრავდა და, შესაბამისად, მისი ბრალდების სახით წაყენება მეცნიერის მიმართ უსაფუძვლოა.

ასევე, კომისიის წევრები შეუძლებლად მიიჩნევენ თეორიული ხასიათის დისერტაციის დაწერას „კომპილაციის ნიშნების“ (როგორც თავადვე წერენ) გარეშე. არადა, სწორედ ამ ორი „ბრალდების“ საფუძველზე დაასკვნეს დოკუმენტში, რომ „იაგო კაჭკაჭიშვილს უფიქსირდება აკადემიური კეთილსინდისიერების დარღვევა“, – ნათქვამია პეტიციის ტექსტში.

როგორც პეტიციის ავტორები წერენ, ხელნაწერის სახით არსებული დისერტაციის წიგნად გამოცემა ჩეულებრივი პრაქტიკაა არამხოლოდ ქართულ, არამედ საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში და საჭირო არაა წიგნში ხელნაწერი დისერტაციის მოხსენიება.

„საგულისხმოა, რომ ზემოაღნიშნულ პროცესს თავისი წინაისტორია აქვს: იაგო კაჭკაჭიშვილის სამეცნიერო პროდუქტის „მონიტორინგი“ მას შემდეგ დაიწყო, რაც მან ღიად და საჯაროდ გააკრიტიკა თსუ-ის რექტორის, გია შარვაშიძის, დისერტაცია, რომლის შესახებაც „სტუდია „მონიტორმა“ საგამოძიებო ჟურნალისტიკის ფარგლებში სპეციალური სიუჟეტი მოამზადა. ეს გვაფიქრებინებს, რომ საქმე გვაქვს შურისძიების მცდელობასთან, რაც მეცნიერის გაუმართლებელი დევნის ნიშნებს ატარებს.

მოვუწოდებთ თსუ-ის აკადემიურ საბჭოს, გამოიჩინოს კეთილგონიერება და აღკვეთოს მაღალი პროფესიული რეპუტაციის მქონე პროფესორის, იაგო კაჭკაჭიშვილის მიმართ უსამართლო ანგარიშსწორება, რამაც ფართო საზოგადოების სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია“, – ნათქვამია პეტიციის ტექსტში.

პეტიციას, რომელსაც ამ დროისთვის 200-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს, ხელს აწერენ:

  • თინათინ მარგალიტაძე, თსუ-ის პროფესორი
  • ირინე ტატიშვილი, თსუ-ის პროფესორი, ასირიოლოგიის კათედრის გამგე
  • ამირან ბერძენიშვილი, თსუ-ის პროფესორი
  • ლევან გორდეზიანი, თსუ-ის პროფესორი, ძველი მსოფლიოს ისტორიის კათედრის გამგე
  • ლიკა ღლონტი, Erasmus+ ეროვნული ოფისის კოორდინატორი
  • ლევან ბერძენიშვილი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი
  • გიორგი (გაგა) ნიჟარაძე, თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი
  • ემზარ ჯგერენაია, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი
  • თამარ მახარაძე, თსუ-ის ასოცირებული პროფესორი
  • ლაშა ბაქრაძე, ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი
  • ლაშა ბუღაძე, მწერალი
  • ეთერ (დოდო) ოკუჯავა, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი
  • რატი ამაღლობელი, მწერალი
  • ტრისტან ჯინჭარაძე, თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი
  • თინათინ ხიდაშელი, ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე
  • მანანა ხარხელი, თსუ-ის ასოცირებული პროფესორი
  • ეკა ჩოხელი, თსუ-ის ასოცირებული პროფესორი
  • ლევან ლორთქიფანიძე, თსუ -ის დოქტორანტი, მოწვეული ლექტორი