მხარს ვუჭერ პოზიციას, რომ ერთდროულად გაიმართოს აქციები ბევრ ადგილას – სააკაშვილი

პუბლიკა

ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ ჟურნალისტებს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მორიგი წერილი გააცნო.

ადვოკატი ამბობს, რომ სააკაშვილი არის სუსტად, კომუნიკაცია და გადაადგილება შეუძლია, თუმცა წინა დღეებთან შედარებით არის სუსტად.

სააკაშვილი აცხადებს, რომ მხარს უჭერს აქციების ერთდროულად ბევრ ადგილას  გამართვის იდეას.

„რატომაა მნიშვნელოვანი აქციების ჩატარება ბევრ ადგილას ერთდროულად? იმიტომ, რომ ივანიშვილს ჰყავს ძალიან შეზღუდული რაოდენობის ბოლომდე ლოიალური საპოლიციო შენაერთები და მათ დაატარებს წინ და უკან. ამგვარად მოუხდება ძალების დაფანტვა და ვერ შეძლებს ქართველო ხალხის კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვას. საჭიროა ოდიოზურ ადგილობრივ მმართველებზე და მათ მიერ ჩადენილ უსამართლობებზე მუდმივი შეტევა და მხილება, და რა თქმა უნდა, მთელი საქართველო უნდა დაიძრას თბილისში შემდეგ კვირას და როგორც კი თარიღი გამოცხადდება, ემიგრანტებმა უნდა აჩუქონ ის ერთი დღე საქართველოს, რომლებსაც გუშინ მოგმართეთ.

მე მხარს ვუჭერ ოპოზიციის ლიდერების გეგმას, რომ ჩამოვიდეთ და არ დავიშალოთ, ასევე გზადაგზა იქნება ცხადია ბევრი იმპროვიზაცია, ახლა მთავარია მრავალრიცხოვნება და თქვენ დიახაც, რომ წარმოადგენთ და არჩევნებმა ეს დაადასტურა, ქართული საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას, ჩვენ უნდა ვიყოთ მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან მტკიცე და მობილური“, – აცხადებს სააკაშვილი.

სააკაშვილი 35-ე დღეა, რუსთავის მე-12 დაწესებულებაში შიმშილობს.