მმართველი გუნდი მარტო უნდა დარჩეს ამ გადაწყვეტილებასთან - დეპუტატების უარი კენჭისყრას

პუბლიკა

მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, დიმიტრი ცქიტიშვილი, ირინა ფრუიძე, ნინო გოგუაძე და ზაზა ხუციშვილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

უმრავლესობიდან წამოსული დეპუტატები ამბობენ, რომ დღეს საქართველოს პარლამენტმა უნდა მიიღოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება მე-9 მოწვევის პარლამენტის მთელი საქმიანობის განმავლობაში – უვადოდ უნდა დანიშნოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები.

დეპუტატები კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარს ამბობენ: „მართალია მიგვაჩნია, რომ რამდენიმე კანდიდატი იმსახურებს პარლამენტის მხარდაჭერას, სამწუხაროდ, ცხადად ვხედავთ საპარლამენტო უმრავლესობის განზრახვას, დანიშნოს მოსამართლეთა საკმაოდ დიდი რაოდენობა, მათ შორის კანდიდატები, რომელთა წარსულ საქმიანობასთან თუ კომპეტენციასთან დაკავშირებით არსებობს სერიოზული კითხვები. ვინაიდან ეს მიდგომა არასწორად მიგვაჩნია, ვფიქრობთ, რომ შედეგზე პასუხისმგებლობა ერთპიროვნულად უნდა აიღოს მმართველმა გუნდმა და ის მარტო უნდა დარჩეს საკუთარ გადაწყვეტილებასთან. შესაბამისად, უარს ვაცხადებთ დღეს პარლამენტის სხდომასა და მოსამართლეების დანიშვნის კენჭისყრაში მონაწილეობაზე”.