მოგმართავ, როგორც მამა და ექიმი, შეწყვიტე შიმშილობა | მიხეილ სააკაშვილის მამა

პუბლიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მამა მიმართვას ავრცელებს. ის წერს, რომ შვილთან კომუნიკაციის საშუალება სხვა გზით არ აქვს, ამიტომ სოციალური ქსელით მიმართავს.

„სხვა საშუალება ჩემ შვილთან მიშასთან კომუნიკაციისა მე ამ ეტაპზე არ გამაჩნია,იმედია სოციალური ქსელით მაინც გავაგონებ. მიშა, მოგმართავ, როგორც ექიმი და მამა. საქმე ეხება შიმშილობას, რომელიც არაფერ კარგს არ მოუტანს შენს ჯანმრთელობას, მხოლოდ ავნებს.

შენ დაუდექი ქვეყანას გვერდში და საჭიროა ხალხთან შენი ბოლომდე დგომა. შემდგომი ენერგიული, შენებური, დაუღალავი მოქმედება. შიმშილობამ გარკვეულ ეტაპზე თავისი საქმე პროტესტისა გააკეთა. ახლა კი საჭიროა ხალხთან ერთად შენი ენერგიის მობილიზება. იცოდე შიმშილობა უკვე მტრის წისქვილზე ასხამს წყალს. გთხოვ შეწყვიტე ეს აქცია,  მოიკრიფე ძალა და ენერგია შემდგომი ბრძოლისათვის. მიიღე გადაწყვეტილება. მალე შეხვედრამდე“. – წერს ნიკოლოზ სააკაშვილი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა ამ წერილს. მიხეილ სააკაშილის წერილი საპატიმროდან გამოსულმა მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ წაიკითხა.

„სამწუხაროდ, შიმშილობა არის ჩემი ერთადერთი ბრძოლის გზა, რომელიც დამიტოვა ამ რეჟიმმა. ბრძოლა ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩემი თავი და ჩემი ჯანმრთელობა. ვაფასებ შენს მამობრივ ზრუნვას, მაგრამ მგონი იცი, რომ სანახევროდ არაფერს ვაკეთებ, “- წერს ის წერილში.


1 ოქტომბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, საქართველოში დააკავეს. დაიწყო გამოძიება მის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებითაც. სააკაშვილი შიმშილობას აცხადებს და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს.

დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დაკავებულია იმ საცხოვრებელი ბინის მეპატრონე, ვის სახლშიც ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.