2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია საერთო მაჟორიტარული კანდიდატებით მონაწილეობაზე დისკუსიას განაგრძობს. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ე.წ. 8 მარტის შეთანხმების მიხედვით, საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის უნდა დაეფუძნოს 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს.
აღნიშნული ცვლილებები კონსტიტუციაში ჯერ არ ასახულა. საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პირველი საყოველთაო-სახალხო განხილვა სატელევიზიო ფორმატში გუშინ გაიმართა.
როგორ გაინაწილებს 30 მაჟორიტარულ ოლქს ოპოზიცია, რა პრინციპით შეირჩევიან კანდიდატები, რა შემთხვევაში დაუჭერენ მხარს სხვა პარტიის კანდიდატებს – ამ საკითებზე ოპოზიცია მოლაპარაკებას განაგრძობს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ გუშინ განაცხადა, რომ პარტია თბილისში 8 მაჟორიტარული ოლქიდან 6-ს თმობს და თავის კანდიდატებს მხოლოდ გლდანსა და სამგორში წარადგენს. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ „გირჩი“ არჩევნებში მაჟორიტარული სიით მონაწილეობას აღარ მიიღებს.
რაც შეეხება „გირჩის” მხრიდან მაჟორიტარულ ოლქებში ოპოზიციური კანდიდატების მხარდაჭერას, პარტიის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ისინი მხარს ყველა კანდიდატს არ დაუჭერენ. მას მაგალითად მოჰყავს გრიგოლ ვაშაძე. ჯაფარიძე ამბობს, რომ მისი პარტია მხარს ვერ დაუჭერს მას, რადგან ის შეურაცხმყოფელი განცხადებებით გამოდიოდა „გირჩის“ მხარდამჭერების მიმართ.
რა შემთხვევაში დაუჭერს „გირჩი“ მხარს სხვა ოპოზიციურ კანდიდატს – ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში რამდენიმე პირობას წერს:
„კონკრეტულად, „გირჩის“ ამომრჩევლის ხმები წავა იმ კანდიდატისკენ, ვინც საჯაროდ დაადასტურებს, რომ მხარს დაუჭერს იმ თვალთახედვას, რომელთა განსახორციელებლადაც „გირჩი” აპირებს პარლამენტში ბრძოლას:
– სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების მოქალაქეებისთვის დაბრუნება;
– ერთი გადასახადის დატოვება და მთავრობის ზომის შემცირება 15%-მდე;
– სასამართლოს სისტემის რეფორმა ოპოზიციურ პარტიებს შორის არსებული შეთანხმების შესაბამისად;
– სახელმწიფო რეგულაციებისგან თავისუფალი კერძო საგანმანათლებლო ინსტიტუტების შექმნის შესაძლებლობის დაშვება;
– რაიონული პოლიციის უფროსების (შერიფების) არჩევითობა.
ჩვენ ვიწყებთ ჩვენს კამპანიას“, – წერს ჯაფარიძე.
მოლაპარაკებაში მონაწილე ოპოზიციურმა პარტიებმა „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება ერთიანობისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად შეაფასეს და უახლოეს დღეებში „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში კონსულტაციების დაწყება დააანონსეს.
„ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, რომელიც გუშინ აცხადებდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან საერთო მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით მიდგომის გადახედვას ჰქონდა ადგილი, დღეს ამბობს, რომ ნიკა მელიას „ექსტრემალური ბრიფინგის“ გამართვა „ძალა ერთობაშიას“ წევრების საჯარო განცხადებების გამო მოუწია და თუ აღარაფერი შეიცვლება, მისი თქმით, მელიას გამოსვლა „კარგი იყო“.
„ჩვენ გვინდა შედეგის მიღწევა. რახან ამ ფორმით გადაწყდა, რაღაც ექსტრემალური ბრიფინგი, რომელზეც ორი ოლქი დაასახელა – ეს წვრილმანია, მაგრამ ესეც მოლაპარაკების საგანი იყო, ვინ სად იქნებოდა მოგებისთვის – ჩვენ საჯარო პინგ-პონგი კი არ უნდა დაგვჭირვებოდა, უნდა მივსულიყავით კონსენსუსამდე, მაგრამ აღარ გვინდა წარსული. ბატონმა მელიამ გუშინ ბრძანა, ძალიან კარგი [რამ. კარგია], რომ ამ გზით წავიდა ყველაფერი. მალე უნდა დავასრულოთ, გავაფორმოთ და აღარ აღმოჩნდეს, რომ ვინმე სხვას სხვა აზრი აქვს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ „TVპირველთან“.
ბოკერია ამბობს, რომ საერთო კანდიდატების შერჩევას პრაგმატულად უნდა მიუდგნენ და შეარჩიონ ისეთი ადამიანები, რომლებიც, მიუხედავად „სუსტი პარტიებისა“, ოპოზიციის სრული მხარდაჭერით „მოხსნის ყველა კითხვას, ნევროზულობას ქვეყნისთვის და მოუგებს ივანიშვილის კანდიდატს”.
გიგა ბოკერიამ თავი შეიკავა იმ კონკრეტული ოლქების დასახელებისგან, სადაც მისი პარტია კანდიდატებს წარადგენს და განაცხადა, რომ ყველაფერი საერთო მსჯელობისა და კვლევის შედეგებზე დაყრდნობით უნდა გადაწყდეს.
უკვე ცნობილია, რომ გიგი უგულავა არ იქნება თბილისის არც ერთ ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი. იყრის თუ არა ის კენჭს სხვა რომელიმე ოლქში, მისი თქმით, ეს კონსულტაციების შედეგად გახდება ცნობილი.
„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ოპოზიციას შეთანხმება არ გაუჭირდება, კონკრეტულად მისთვის კი ერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. გიორგი ვაშაძემ არ გამორიცხა, რომ ვაკეში იყოს მაჟორიტარობის კანდიდატი და დარწმუნებულია, რომ სადაც კენჭს იყრის, იქ გაიმარჯვებს კიდეც. მისი თქმით, ოპოზიაცია კანდიდატების სახელებზე მომავალი კვირისთვის ჩამოყალიბდება.
„ერთიანი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანზორ ბიწაძე ამბობს, რომ ნიკა მელიას გადაწყვეტილება გონივრულია პოლიტიკური თვალსაზრისით. ბიწაძე აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში ოპოზიცია ჩვეულ ფორმატში შეიკრიბება და განაწილდება თბილისში დარჩენილი 6 მანდატი.
„ივანიშვილის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო იარაღი, რასაც პოლარიზება ჰქვია, დაკარგული აქვს ბიძინა ივანიშვილს“, – აცხადებს ბიწაძე.
პარტიის ლიდერი ნინო ბურჯანაძე კი აცხადებს, რომ:
„მე არ ვფიქრობ, რომ არც ერთი კანდიდატი არ დავაყენოთ. ასე ნამდვილად არ დგას საკითხი. ჯერ ერთი, მე არა მგონია, რომ ეს საკითხი ასე წამოიჭრას, ბუნებრივია, არა. ჩვენ ყველანი ერთმანეთში ანგარიშს ვუწევთ. ჩვენ გვყავს რამდენიმე ოლქში ძალიან ძლიერი კანდიდატურა, მე არ დავასახელებდი წინასწარ, რომ ამან მერე რაღაცა გაურკვევლობები არ გამოიწვიოს, თუმცა თქვენთვის და საზოგადოებისთვისაც ცნობილია ის ადგილები, სადაც ჩვენს პარტიას სერიოზული მხარდაჭერა აქვს”, – ამბობს ბურჯანაძე.
პოლიტიკური პარტია „სამართლიანობისთვის“ დამფუძნებელი ეკა ბესელია, რომელიც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციის კონსულტაციებში მონაწილეობდა, „პალიტრანისუსის“ ეთერში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ნაბიჯს დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ თბილისში მაჟორიტარობას განიხილავს მხოლოდ იმისთვის, რომ თავის პარტიას ხმები მოუტანოს. ბესელია აცხადებს, რომ ეცდება, იყოს ოპოზიციასთან კოსნულტაციის რეჟიმში, თუ შეთანხმება შედგება.
„თუ ვერ შედგება, მე მაინც განვიხილავ ამ შესაძლებლობას, მხოლოდ იმიტომ, რომ შეიძლება მეტი ხმა იყოს პარტიისთვის და ეს კარგია საერთო საქმისთვის“, – აცხადებს ბესელია.
რაც შეეხება მისი პარტიის მონაწილეობას არჩევნებში, ის აცხადებს, რომ ვერ იქნება ვერანაირ ერთიანობაში იმ პარტიებთან, რომლებიც წინა ხელისუფლებაში იყვნენ. ასევე, მისთვის „წითელი ხაზია“ მმართველ გუნდთან თანამშრომლობა.
„ვიქნები იქ, სადაც შედარებით ახალი პარტიები ან ის ადამიანები იქნებიან, ვისაც არც წინა ხელისუფლება მოსწონდა და ვინც იცავს ღირებულებებს. თუ ასეთი ძალა, თუნდაც კოალიციური ფორმატით არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბდა, ეს იქნება ყველაზე იდეალური გამოსავალი. არ უნდა დავუშვათ, რომ აწმყო შევცვალოთ წარსულით. ახლა მთავარია, ფლანგზე მეტი არჩევანის საშუალება იყოს, რომ ყველა ტიპის ამომრჩეველი გამოვიდეს“, – აცხადებს ბესელია.
„ლელოს“ პოზიცია საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია – პარტია ყველა მაჟორიტარულ ოლქში თავის კანდიდატს დააყენებს, თუმცა პარტიის წევრი გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ, საჭიროების შემთხვევაში, კოორდინაციის მექანიზმების ჩართვასაც არ გამორიცხავს. გრიგოლ გეგელიამ „ნაციონალური მოძრაობის“ ნაბიჯს კონსენსუსისკენ გადადგმული უწოდა.
„ლელო საქართველოსთვის” ბევრს არაფერს არ ცვლის, რადგან ჩვენ უკვე გვაქვს გაცხადებული ჩვენი კურსი. ეს, რა თქმა უნდა, არის კონსესუსისკენ გადადგმული ძალიან კონკრეტული ნაბიჯი ოპოზიციის იმ ნაწილისთვის, რომელსაც იდეალად ესახება თავისი კანდიდატების დაყენება.
დღეისათვის ერთადერთი პოზიცია, რომელიც ოფიციალურად გვაქვს გაჟღერებული – ჩვენ გავდივართ 30-ვე ოლქში დამოუკიდებლად, მაგრამ იმავე დროს ჩვენ გვითქვამს, რომ შესაძლებლობის შემთხვევაში, არ გამოვრიცხავთ რიგი კოორდინირების მექანიზმების ჩართვასაც, იმიტომ, რომ ჩვენთვის მთავარია ქართული პოლიტიკის განახლება და ამ ხელისუფლების სახლში გაშვება. ყველაფერი რაც იქნება საჭირო და სწორი, იქნება გათვალისწინებული“, – აცხადებს გეგელია.
რაც შეეხება „ქართული ოცნებიდან” წამოსულ დეპუტატებს და მათ სამომავლო გეგმებს – უკვე ცნობილია, რომ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს პარლამენტის ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრი ლევან გოგიჩაიშვილი. ამისთვის კი ის პოლიტიკური პარტიის დაფუძნებისთვის ემზადება.
„ვისაც თქვენ ოპოზიციად მოიხსენიებთ, ეს ადამიანები არიან, თავის დროზე ძალაუფლებადაკარგული ხალხი, ძალაუფლების წყურვილით შეპყრობილი, აბსოლუტურად არანაირი სამომავლო ხედვის მატარებელი, რევანშის მოსურნე ადამიანები. ისინი აპირებენ „ქართული ოცნების“ სისუსტით ისარგებლონ და რაღაცნაირად ხელში ჩაიგდონ ხელისუფლება. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ფონზე გვერდზე გადგომა, სახლში წასვლა და ტელევიზორით პროცესებისთვის თვალის დევნება არის იმ ადამიანების ღალატი, ვისთვისაც მნიშვნელოვანი იყო ამ ქვეყანაში თავისუფლებისთვის ბრძოლა. შესაბამისად, ჩვენ აუცილებლად მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას“, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა პალიტრანიუსის ეთერში.
საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი თამარ ჩუგოშვილი ადასტურებს, რომ შეთავაზება მიიღო „ლელოსგან“ და ასევე სხვა პარტიებისგანაც, თუმცა როგორც ის „ინერპრესნიუსს” ეუბნება, გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს. პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას კი განაცხადა, რომ მაჟორიტარ კანდიდატად თავს არ განიხილავს. „მე არ ვჩქარობ გადაწყვეტილების მიღებას მომავალ არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრი ლევან კობერიძე ამბობს, რომ აქვს კონსულტაციები იმ პარტიებთან, რომელიც იზიარებენ პრინციპს – არც „ქართული ოცნება“ და არც „ნაციონალურ მოძრაობა“. მისი თქმით, მას კონსულტაციები აქვს, მათ შორის, პარტია „ლელოსთან”.