„ნაციონალური მოძრაობა" თბილისის 8 მაჟორიტარული ოლქიდან 6-ს თმობს - მელია საერთო მაჟორიტარებზე შეთანხმებაზე

„ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ დღეს ბრიფინგზე განაცხადა, რომ მისი პარტია თბილისის 8 მაჟორიტარული ოლქიდან 6-ს დანარჩენ ოპოზიციას დაუთმობს, ხოლო დარჩენილ 2 ოლქში „ნაციონალური მოძრაობა” თავის პარტიულ მაჟორიტარ კანდიდატს დააყენებს.

„ამით ჩვენ ვდემონსტრირებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა” არ გამოდის ვიწრო პარტიული ინტერესიდან და არ იბრძვის საკუთარი პარტიული რეზულტატის გაუმჯობესებისთვის”,- განაცხადა მელიამ.

მელიას თქმით, „ნაციონალური მოძრაობა” ხვალიდან იწყებს საარჩევნო კამპანიას დარჩენილ 2 მაჟორიტარულ ოლქში.

„ეს არის გლდანისა და ისნის რაიონები და ვიწყებთ ბრძოლას გამარჯვებისთვის, გზას ვუხსნით ყველა მომცრო ოპოზიციურ პარტიას, რომ მოხდეს სრული შეთანხმება და წარმოდგენილები ვიყოთ ამ ოლქებში ყველა ძლიერი კანდიდატით”, – განაცხადა მელიამ.

„რეგიონებში უნდა დავიწყოთ აქტიური საარჩევნო კამპანია და ამით დავხუროთ ეს უსაგნო პოლიტიკა ოპოზიციურ პარტიებს შორის.

მელია აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“  მზად არის საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე შეთანხმებისთვის იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება ძლიერი ოპოზიციური კანდიდატების გარშემო მოხდება.

„ასეთ შემთხვევაში, მზად ვართ რეგიონებშიც გამოვიჩინოთ ეროვნული ინტერესი და ეს ეროვნული ინტერესი არის ერთიანობა”, – აცხადებს მელია.