მოლდოვას არ ჰყავს ჯარი, აქედან გამომდინარე, ვერავის ექნება ინტერესი ჩართოს ომში - კობახიძე

პუბლიკა

დღეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, იზიარებს თუ არა თბილისის მერის, კახა კალაძის აზრს, რომ ევროკომისიის დასკვნა საქართველოსთვის სტატუსის მიცემასთან დაკავშირებით, შეიძლება ითქვას, რომ „ეს არის ქვეყნის დასჯა“.

„გარკვეული უხერხულობები ჩვენ გვექნება პარტნიორებთან იქამდე, ვიდრე გრძელდება ის ომი, რომელიც მიმდინარეობს რუსული აგრესიის საფუძველზე უკრაინაში. არის, რა თქმა უნდა, გარკვეული სუბიექტური ინტერესები. მთავარია, მალე დასრულდეს ეს ომი, ევროკავშირის ქვეყნებისთვისაც და ჩვენი ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანია მალე უკრაინაში ომის დასრულება, ამ შემთხვევაში აღარ იქნება გარკვეული ინტერესები ჩვენი ქვეყნის მიმართ“, – განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად.

ჟურნალისტის შეკითხვაზე – მისი პასუხი, ნიშნავს თუ არა იმას, რომ ქვეყანა დაისაჯა იმისთვის რომ ომში არ ჩაება? – კობახიძე პასუხობს, რომ:

„გარკვეული ინტერესი როცა არსებობს, რომ გარდა ერთისა მეორე ფრონტიც გაიხსნას, ეს აბსოლუტურად გასაგებია, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა ასეთ დროს. რა თქმა უნდა, გარკვეულ გავლენას შეიძლება ახდენდეს ეს სუბიექტური მომენტი გადაწყვეტილების მიღებისას…

რომ იცოდეთ ბევრი „ფეიკი“ ტრიალებს ამასთან დაკავშირებით, რატომ არ სთხოვენ მოლდოვას მეორე ფრონტს. მოლდოვას არ ჰყავს ჯარი, აქედან გამომდინარე მოლდოვის მიმართ ვერავის ვერ ექნება სუბიექტური ინტერესი, რომ ჩართოს ომში, ეს არის „ფეიკი“ რასაც ავრცელებენ, საქართველოს და მოლდოვის შედარება ამ კუთხით არის ფეიკი“, – განაცხადა კობახიძემ.