„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარისადმი მიმართვას, რომელშიც წერს, რომ პარლამენტმა რეაგირების გარეშე დატოვა მისი მიმართვა საკანონმდებლო ორგანოში შესაძლო შესვლის შესახებ და პარალელურად სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე ალაპარაკდნენ.
„ძალიან ვწუხვარ, რომ, ჩემი თითქმის ნახევარი თვის წინ გამოგზავნილი წერილი პარლამენტში შესაძლო შემოსვლის გამო საორგანიზაციო-პროცედურული საკითხების გადაწყვეტასთან დაკავშირებით არა მარტო რეაგირების გარეშე დარჩა, არამედ, რაც ყველაზე გროტესკულია, თავზარდაცემულებმა დაიწყეთ ჩემთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე მოქმედებები.
მაინტერესებს მაშინ რატომ მითხარით უარი სადეპუტატო სტატუსუს შეწყვეტაზე 2021 წლის ივლისში? როდესაც მანამდე 7 თვე არ მივლია ასევე პარლამენტში. ის საპატიო იყო და შემდგომი ბოიკოტი, რაც მთელი მსოფლიოს გასაგონად განვაცხადე არასაპატიოა? მოკლედ ასეთ იურისპუნდენციას გასწავლიდნენ გერმანიაში? იმედია, ამჯერად თქვენი ბოიკოტის გამო ამ სესიის გაცდენებსაც არ ჩამითვლით არასაპატიოდ. მომიკითხეთ ბიძინა ივანიშვილი“, – წერს ნათელაშვილი.
კომიტეტის სხდომა, რომელზეც ნათელაშვილის და კიდევ 2 დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე უნდა ემსჯელათ, დღეს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა კოვიდვითარების გამო გადაიდო.
„ოცნების“ დეპუტატების განმარტებით, შალვა ნათელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხი დღის წესრიგში მხოლოდ იმიტომ დგება, რომ მან საშემოდგომო სესიაზე ყველა პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით გააცდინა, კანონი კი ასეთ შემთხვევაში დეპუტატის მანდატის შეჩერებას ითვალისწინებს.
შალვა ნათელაშვილი, პარლამენტში შესვლის შესახებ სოციალურ ქსელში გამოკითხვას ატარებს. საბოლოო გადაწყვეტილება მას ჯერ ისევ არ მიუღია.
„ლეიბორისტულმა პარტიამ“ მეათე მოწვევის პარლამენტში ერთი მანდატი მიიღო, თუმცა არჩევნების შედეგების გაყალბებულად მიჩნევის გამო შალვა ნათელაშვილმა საკანონმდებლო საქმიანობას ბოიკოტი გამოუცხადა და სადეპუტატო უფლებამოსილებით ამ დრომდე არ უსარგებლია.