შალვა ნათელაშვილისნაირი პოლიტიკოსები პოლიტიკურ დისკვალიფიკაციას იმსახურებენ - იოსელიანი

პუბლიკა

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი საქართველოს პარლამენტის დეპუტატის მანდატს არ იმსახურებს.

„შალვა ნათელაშვილს 2008 წლიდან დღემდე ბიუჯეტიდან 5 მილიონ 113 ათასი ლარი აქვს წაღებული ისე, რომ პარლამენტში ერთხელ არ მოსულა. ის იყო პარლამენტის წევრი, პარლამენტის შენობაში ფეხი არ დაუდგამს, თითი თითზე არ დაუდია, თუმცა ბიუჯეტიდან 5 მილიონზე მეტი აქვს გატანილი. ეს სამარცხვინო საქციელია! თუ ის ამ თანხას დააბრუნებს, მაშინ შეიძლება ვიფიქროთ, რამდენად ლეგიტიმურია ნათელაშვილის პარლამენტში შემოსვლა.

არ ვფიქრობ, რომ მანდატი გაძლევს უფლებას, ასე ხარჯო ხალხის ფული და ბიუჯეტის ფული პარტიულად თუ პერსონალურად სახლში წაიღო. დაუსვით კითხვა, როდის აპირებს, დააბრუნოს 5 მილიონ 113 ათასი ლარი? ისეთი პოლიტიკოსები, როგორიც შალვა ნათელაშვილია, პოლიტიკურ დისკვალიფიკაციას იმსახურებენ და მათი დრო ქართულ პოლიტიკაში აღარ არის. შალვა ნათელაშვილი იყო ყველაზე უტაქტო მაკრიტიკებელი ყველა იმ ადამიანის, ვინც პარლამენტში შევიდა. როგორც მოსალოდნელი იყო, მან ყველა თავის სიტყვას გადააბიჯა“, – განაცხადა იოსელიანმა.

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, რომელიც გამოკითხვას ატარებს, შევიდეს თუ არა საქართველოს პარლამენტში, დღეს მედიას განუცხადა, რომ ორი დღის წინ წერილი მისწერა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს, წინასწარ მოამზადონ ორგანიზაციულ-პროცედურული საკითხები პარლამენტში მისი შესვლისთვის.

„ვითხოვთ 40-წუთიან სიტყვას ტრიბუნიდან, მით უფრო, რომ 21 წელი პარლამენტში არ შეგვიშვა არც ერთმა მთავრობამ და ეს გვეკუთვნის. ამაზე კი ოფიციალური პასუხი იყო, რომ საპროცედურო კომიტეტზე უფლებამოსილების შეტყვეტის საკითხს იხილავენ“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

შეძლებს თუ არა შალვა ნათელაშვილი, ისარგებლოს სადეპუტატო მანდატით, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომის ჩატარების შემდეგ გახდება ცნობილი.

კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით საკითხზე უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ და დასკვნას გამოიტანენ.

მისი განმარტებით, შალვა ნათელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხი დღის წესრიგში მხოლოდ იმიტომ დგება, რომ მან საშემოდგომო სესიაზე ყველა პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით გააცდინა, კანონი კი ასეთ შემთხვევაში დეპუტატის მანდატის შეჩერებას ითვალისწინებს.

„რაც შეეხება პოლიტიკური ბოიკოტის გამოცხადებას, ამას თავისი ფორმა აქვს. პოლიტიკური ბოიკოტი დეპუტატს სხვა საპარლამენტო უფლებამოსილების შესრულებისგან არ ათავისუფლებს! 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როცა ოპოზიციამ აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული და დამაზიანებელი პოლიტიკა აირჩია, რომ პარლამენტში არ შემოვიდოდნენ, ეს გზა სრული ფიასკოთი დამთავრდა. ამ ფიასკოს შედეგია ის, რომ დღეს, შალვა ნათელაშვილს პარლამენტში შემოსვლა უნდა და, რა თქმა უნდა, ამ სცენის ისე დადგმას ცდილობს, რომ რაღაცნაირად, იმიჯურად თავი გადაირჩინოს.

ეს არის ამ ყველაფრის შინაარსი. ჩვენ მაშინ პოლიტიკური მოთმინება გამოვიჩინეთ, რადგან ჩვენთვის მთავარი სადამსჯელო ღონისძიების გატარება არ იყო. მთავარი იყო, პარლამენტის წევრები გამხდარიყვნენ ის ადამიანები, ვისაც ხალხმა მანდატი მისცა. პარლამენტი რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამ შემთხვევაში, ამაზე მსჯელობა უმრავლესობის ფორმატში გვექნება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.


შალვა ნათელაშვილი, პარლამენტში შესვლის შესახებ სოციალურ ქსელში გამოკითხვას ატარებს. საბოლოო გადაწყვეტილება მას ჯერ ისევ არ მიუღია.

„ლეიბორისტულმა პარტიამ“ მეათე მოწვევის პარლამენტში ერთი მანდატი მიიღო, თუმცა არჩევნების შედეგების გაყალბებულად მიჩნევის გამო შალვა ნათელაშვილმა საკანონმდებლო საქმიანობას ბოიკოტი გამოუცხადა და სადეპუტატო უფლებამოსილებით ამ დრომდე არ უსარგებლია.