„მონა“ „ირაყლი“ - ბრიუსელში ღარიბაშვილს საპროტესტო აქციით დახვდნენ

პუბლიკა

„მონა“ „რუსო“ „ირაყლი“ – საქართველოს პრემიერ-მინისტრს ამ შეძახილებით ბრიუსელში ქართველი აქტივისტების ჯგუფი დახვდა.

პროტესტის ორგანიზატორი ორგანიზაცია Promote Georgia იყო. აქტივისტებს თან ჰქონდათ პრემიერის ანტიდასავლური ციტატები და ბანერების წარწერით „ირაყლი“, „მოღალატე“.

აქციაზე მოხდა ინციდენტიც. ერთ-ერთი აქტივისტი ემზო კვარაცხელია ადგილობრივმა პოლიციამ რამდენიმე საათით დააკავა. აქტივისტები ღარიბაშვილს ბელგიის ხელოვნებისა და ისტორიის სამეფო მუზეუმთან ელოდებოდნენ. კვარაცხელია შენობის კიბეზე ავიდა და ღარიბაშვილის დაცვასთან შელაპარაკება მოხდა.

„3 საათით დამაკავეს, იმიტომ, რომ ამ მონებს თავისი ადგილი მივუჩინე“, – დაწერა მან სოციალურ ქსელში და გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ისმის, რომ მოუწოდებენ, ღარიბაშვილის მისამართით „სიტყვები შეარჩიოს“.

14 მაისს ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შეხვდა.