მორგოშია რომ იყოს სამართლებრივი სტანდარტით დასაჭერი, აქამდე დაიჭერდნენ - კობახიძე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებმა ჰკითხეს, მედიაზე გახშირებული თავდასხმების შესახებ და შეახსენეს, რომ 5 ივლისის მოვლენების ორგანიზატორები ამ დრომდე არ დასჯილან.

„თქვენ იცით რომელიმე ორგანიზატორის სახელი და გვარი, რომელიც უნდა დასჯილიყო და არ დაისაჯა? ერთის სახელი და გვარი მითხარით… და რა გააკეთა პირობითად მორგოშიამ?“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თუმცა „ოცნების“ თავმჯდომარეს ჟურნალისტებმა შეახსენეს, რომ ძალადობრივი ჯგუფის ლიდერებმა მოწოდებები და ორგანიზება რამდენიმე კვირით ადრე დაიწყეს.

„მე ახლა ამაში ვერც შევალ, რადგან ეს არის სამართალდამცავი ორგანოების პრეროგატივა, მაგრამ იმ სტანდარტით რომ წავყვეთ ჩვენ გამოძიებას, რა სტანდარტითაც თქვენ გინდათ, საუბარია მახარაძის და მორგოშიას დასჯაზე ამ შემთხვევაში, მაშინ გამოვა, რომ ნახევარი პოლიტიკური სპექტრი იქნება დასაჭერი“, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძემ ასევე გაიხსენა პრორუსული და ძალადობრივი „ალტ-ინფოს“ ლიდერის, კონსტანტინე მორგოშიას მიერ 5 ივლისს წარმოთქმული ფრაზა, რომელიც მისი შეფასებით, არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს.

„რა მნიშვნელობა აქვს ვიღაცა მედიაზე ძალადობს თუ პოლიტიკოსებზე? აქ საუბარია სისხლის სამართლის სტანდარტებზე. სისხლის სამართლის სტანდარტი იცით რა არის? და მორგოშიამ რა თქვა? მორგოშია რომ იყოს სამართლებრივი სტანდარტით დასაჭერი, აქამდე დაიჭერდნენ, მე ასე მგონია. ჩემი პრეროგატივა ეს არ არის, მაგრამ ეს ასე იქნებოდა. მაგრამ არსებობს სისხლის სამართალი და სისხლის სამართალს აქვს თავისი მტკიცებულების სტანდარტი და უნდა დგინდებოდეს, რომ ვიღაცის გამონათქვამს აქვს მიზეზობრივი კავშირი შემდეგ ძალადობასთან. და მორგოშიას ფრაზა არსებობს, სადაც ის მოუწოდებს? რისკენ?! – „ახლა თქვენ უნდა დაიძრათ „სირცხვილიას“ ოფისისკენო“.


„ქართული ოცების“ ლიდერს ჟურნალისტებმა შეახსენეს მსგავსი შემთხვევა, როდესაც ნიკა მელიას მოწოდების გამო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებდნენ.

„არა, ნიკა მელიამ პირდაპირ მოუწოდა პარლამენტში შესვლისკენ – ეს სხვა შემთხვევაა. იქ საუბარი იყო, რომ ხალხი უნდა დაძრულიყო „სირცხვილიას“ ოფისისკენ, ყოველგვარი მოწოდების გარეშე. ასეთი მილიონი მოწოდება არსებობს, მაგალითად, იმასთან დაკავშირებით, რომ აქციის მონაწილეები უნდა დაიძრან „ქართული ოცნების“ ოფისისკენ, მაგრამ მიზეზობრივი კავშირი თუ არ არის ძალადობასა და მოწოდებას შორის, თუ არ დგინდება, რომ ამ მოწოდებას მოჰყვა შემდეგ ძალადობა და ამ მოწოდების მიზანი იყო ძალადობა…

სამართალდამცავმა ორგანოებმა არ დაიჭირეს მორგოშია და თქვენ გაქვთ იმის მტკიცებულება, რომ უნდა დაეჭირათ და არ დაიჭირეს? წადით და მიმართეთ სამართალდამცავ ორგანოებს, მაგრამ ამ კითხვებს უნდა გასცეთ თქვენ პასუხი“, – განაცხადა კობახიძემ.