მოსახლეობა არ ცხოვრობს არეალთან, სადაც შესაძლოა მეწყრული პროცესები განვითარდეს - მერის მოადგილე

პუბლიკა

„..რაც შეეხება დაცულობის საკითხს, არაერთხელ გვითქვამს, რომ უშუალოდ იმ არეალში და მის მიმდებარედ, თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, თუ რა მიმართულებით შეიძლება ეს მეწყრული პროცესები განვითარდეს, მოსახლეობა არ ცხოვრობს“ – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა ვაშლიჯვარში ნუცუბიძის ფერდობებთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა.

მერიის მოადგილის თქმით,  მოწვეული უცხოელი ინჟინერ-გეოლოგები მაჭავარიანის ქუჩაზე, მეწყრულ ზონაში არსებულ მდგომარეობას დღეს დილიდან სწავლობენ.

ბენდელიანმა განაცხადა, რომ საზოგადოებას კონკრეტულ ვადებთან და გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია უახლოეს მომავალში მიაწვდის.

„კონკრეტულ ვადებთან და გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას ხვალისთვის მოგაწვდით. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს წინამოსამზადებელი სამუშაოები, რაც ბუნებრივი პროცესია. გვინდა, რომ რაც შეიძლება მეტ კომპეტენტურ პირს, კომპანიების წარმომადგენლებს შევხვდეთ, ერთობლივად გამოვიტანოთ დასკვნები და ამის შემდეგ მივიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები“, – განაცხადა ბენდელიანმა.

მერიის მოადგილის თქმით, კომპანია, რომლის წარმომადგენლებიც დღეს ადგილზე მუშაობენ, გამოცდილია მსგავსი პრობლემების მოგვარებასა და გადაწყვეტილებების მიღებაში.

ბენდელიანის თქმით, ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაცია მუდმივ რეჟიმში ხორციელდება. მეწყერის შესახებ განცხადება თბილისის მერიამ 15 მარტს გაავრცელა, ხოლო აღნიშნულ ტერიტორიაზე მოძრაობა 16 მარტიდან აიკრძალა.

„ვინაიდან, ხდება ფაქტის არასწორი ინტერპრეტაცია, თითქოს, ინტერნეტში გავრცელებული ფოტოების შემდეგ შეიტყო მერიამ ამის შესახებ, ან კიდევ უფრო უარესი, თითქოს, ვიღაცამ იცოდა და მალავდა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მეწყრული პროცესები როგორც კი გააქტიურდა, იმ წუთიდანვე ვიცოდით, რადგან მუდმივი მონიტორინგი არსებობდა და მომავალშიც ასე იქნება“, – აღნიშნა მერის მოადგილემ.


18 მარტს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ვაშლიჯვარში, იქ, სადაც გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა მიმდინარეობს, მეწყრული პროცესი დაიწყო. დარგის სპეციალისტები აცხადებენ, რომ მასის ჩამოშლა გარდაუვალია და ვითარების ზუსტი შეფასებისთვის საჭიროა დამატებითი კვლევა.

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის თქმით, მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე ბოლო წლებში წარმოებული მოქმედებების შედეგად სტაბილიზაციაში მყოფი მეწყრული პროცესების ნაწილობრივი გააქტიურება სულ რამდენიმე დღეა, დაიწყო და თბილისის მერია 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, რათა პრობლემა მალე გადაიჭრას.

მისივე თქმით, პასუხისმგებლობის საკითხის დასმამდე ცნობილი უნდა გახდეს, კონკრეტულად რამ გამოიწვია მეწყრული პროცესების გააქტიურება, რის დადგენასაც დეტალური კვლევები სჭირდება და მანამდე მერიის მთავარი ამოცანაა მაჭავარიანის ქუჩის უსაფრთხო გახსნა, რომელიც 16 მარტს მერიამ სწორედ მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო გადაკეტა.