სენაკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლევან ნუცუბიძემ „ბალდის კანიონის მცველი“ ინდიკო ბჟალავა გაამართლა და მისთვის წაყენებულ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო.
დღეს, 9 დეკემბერს სენაკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლევან ნუცუბიძემ „ბალდის კანიონის მცველი“ ინდიკო ბჟალავა გაამართლა და მისთვის წაყენებულ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო.
ინდიკო ბჟალავა 2024 წლის 12 ივნისს დააკავეს. მას პოლიცია ბალდის კანიონის ინვესტორ კომპანიასთან დაკავშირებული პირის მეუღლის მიმართ მუქარას ედავებოდა. დაკავების შემდეგ ინდიკო ბჟალავას, სენაკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
რამდენიმე თვეში მას პატიმრობა 10 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, რომელიც ინდიკო ბჟალავას ინტერესებს იცავს, აცხადებს, რომ საქმეში არსებული გარემოებებით და დაცვის მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით ერთმნიშვნელოვნად დადასტურდა, რომ ინდიკო ბჟალავას ხსენებული დანაშაული არ ჩაუდენია.
საქმის არსებითი განხილვისას შემთხვევის თვითმხილველმა მოწმეებმა დაადასტურეს, რომ ინდიკო ბჟალავა არავის დამუქრებია.
პირი, რომელიც ინდიკო ბჟალავას სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ადანაშაულებდა, იმ ბრალდებულის მეუღლეა, რომელიც 2024 წლის 11 ივნისს ძმასთან ერთად თავს დაესხა ბალდის კანიონის მცველებს და მინდია ბჟალავას დანით 7 ჭრილობა მიაყენა, რის გამოც განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
უკვე რამდენიმე წელია, მარტვილის მცხოვრებლები ბალდის კანიონის კერძო ინვესტორისთვის გადაცემას აპროტესტებენ.
შპს „კანიონი 350-ს“ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ბალდის კანიონის ტერიტორიაზე 24 130 კვ.მ აუქციონის წესით, 40 წლის ვადით გადაეცა. კომპანიას ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ჰქონდა 3-წლიანი ვადა და ვალდებულება, პროექტში 2.8 მილიონი ლარის ინვესტიცია განეხორციელებინა.
ბალდის კანიონი ხელუხლებელი, უნიკალური გეოგრაფიული რელიეფითა და იშვიათი ეკოსისტემით გამოირჩევა. მარტვილის ცენტრიდან 11 კილომეტრშია. მას ბუნების ძეგლის სტატუსი 2013 წელს მიენიჭა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაექვემდებარა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტომ დაარღვია კანონი, როცა მოსახლეობასთან შეუთანხმებლად და მათი ჩართულობის გარეშე კანიონის ტერიტორია იჯარით გასცა.