მოსამართლემ პენიტენციურს სააკაშვილის პატიმრობაში გაკეთებული ვიდეოჩანაწერების ადვოკატებისთვის გადაცემა დაავალა

პუბლიკა

დღეს სასამართლო სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ დააყენა შუამდგომლობა, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის დროს გაკეთებული და ამჟამად დაცული ყველა ვიდეოჩანაწერი პენიტენციურმა სამსახურმა გადასცეს დაცვის მხარეს.

მოსამართლემ, გიორგი არევაძემ ადვოკატის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და პენიტენციურ სამსახურს დაევალა, დაცვის მხარეს გადასცეს ყველა სახის ვიდეომასალა, რომელიც გადაღებულია მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების დღიდან – 2021 წლის 1 ოქტომბრიდან, 2022 წლის 14 დეკემბრის ჩათვლით.

ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, მათთვის მნიშვნელოვანია, იცოდნენ, რა ვიდეოჩანაწერები არსებობს პენიტენციურში და რა არის წაშლილი; ასევე, ნახონ, არის თუ არა მათ შორის ის კადრებიც, სადაც მიხეილ სააკაშვილის გონების კარგვისა და წაქცევის ეპიზოდებია ასახული.

ადვოკატი კადრებს მოითხოვს სასჯელაღსრულების მე-12 და მე-18 დაწესებულებიდან, ასევე გორის ჰოსპიტალიდან და კლინიკა „ვივამედიდან“.

მოსამართლის გადაწყვეტილება ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ, იუსტიციის სამინისტროს პენიტენციურმა სამსახურმა უნდა აღასრულოს.

გუშინ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ თუ არ შეწყდება სიმულაციები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ისინი იძულებულნი გახდებიან, გაასაჯაროონ „გარკვეული კადრები“.

ადვოკატის შუამდგომლობა ამ საკითხსაც ეხებოდა: „ თუ განადგურებულია ეს ჩანაწერები, თქვენი უფროსი, იუსტიციის მინისტრი რა ჩანაწერებზე ლაპარაკობდა?” – მიმართა მან პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელს სხდომაზე.


დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილი საავადმყოფოდან არ გადაიყვანეს და არც დისტანციურად ჩართეს.  მომდევნო სასამართლოს სხდომა, სადაც მიხეილ სააკაშილის სასჯელის გადავადების, ან გათავისუფლების საკითხზე უნდა გაგრძელდეს 22 დეკემბერს ჩაინიშნა.