უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი თამარ ოქროპირიძე აცხადებს, რომ სრულად იზიარებს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის კრიტიკას აშშ-ის და EU-ს შეფასებებზე. ოქროპირიძის თქმით, ის თავად არის ამ კომიტეტის წევრი.
ამ თემაზე თამარ ოქროპირიძემ პარლამენტის ვიცე-სპიკერის, „მოქალაქეების“ წევრ ლევან იოსელიანის შეკითხვის საპასუხოდ ისაუბრა.
მოსამართლე ოქროპირიძის განცხადებით, ადმინისტრაციულ კომიტეტს ასეთი შინაარსის განცხადების გავრცელების უფლება ჰქონდა, ვინაიდან ეს არის ორგანო, რომელიც ნიშნავს მოსამართლეთა კონფერენციას, ხოლო დიპლომატების განცხადებების კონფერენციის ჩანიშვნისა და ჩატარების კრიტიკას შეეხებოდა.
როგორც მოსამართლე განმარტავს, რომ ამ განცხადების გავრცელების მიზანი „რეალური და ობიექტური“ ინფორმაციის მიწოდება იყო როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, ასევე საზოგადოებისთვის.
„პირველ რიგში, მინდა, ცალსახად დავაფიქსირო ჩემი პოზიცია, რომ ჩემთვის დასავლური ღირებულებები, ევროსაბჭოს, ევროკავშირის თუ ამერიკის შეერთებული შტატების დამსახურება და მათი ჩართულობა სასამართლოს რეფომირების საკითხში არის ცალსახად მნიშვნელოვანი და ადმინისტრაციული კომიტეტის განცხადების მიზანი არ ყოფილა ამ ღირებულებების უარყოფა.
ჩვენი მიზანი იყო, მიგვეწოდებინა რეალურად ობიექტური ინფორმაცია, თუ რატომ ჩატარდა კონფერენცია და რომ კონფერენცია კანონის სრული დაცვით ჩატარდა“, – განაცხადა თამარ ოქროპირიძემ.
მოსამართლე აცხადებს, რომ მინიშნება იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნების მეორე დღეს საგანგებოდ ჩაინიშნა კონფერენცია, არასწორია და მისი აღქმით, „სასამართლო საერთოდ ჩამოცილებული უნდა იქნას პოლიტიკისგან“.
ლევან იოსელიანმა ჰკითხა უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატს, მისი ეს განცხადება ხომ არ არის პოლიტიკური, რაზეც მოსამართლე პასუხობს, რომ სასამართლო უნდა იყოს ყველაფრისგან დამოუკიდებელი, ნებისმიერი გარე და შიდა ჩარევისგან და ეს არ არის პოლიტიკური განცხადება.
„ასევე იყო განცხადება, რომ გარკვეული მოსამართლეები ძირს უთხრიან სასამართლო სისტემას და ჩვენ ამაზეც გავაკეთეთ განცხადება, რომ ეს მიუღებელია, რადგან თუ ასეთი განცხადება კეთდება, გარკვეული მტკიცებულებები უნდა არსებობდეს“, – განაცხადა მან.
4 ნოემბერს გავრცელდა მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ აშშ-ის და ევროკავშირის წარმომადგენლობების შეფასებები მოსამართლეთა კონფერენციაზე „გადაჭარბებული, დაუსაბუთებელი და წინააღმდეგობრივია“.
იმავე დღეს, 4 ნოემბერს ამ განცხადებას გაემიჯნა სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოს რამდენიმე მოსამართლე. პროცესი მომდევნო დღეებშიც გაგრძელდა და საბოლოოდ, კომიტეტის განცხადებას 20-ზე მეტი მოსამართლე გაემიჯნა.
31 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაიმართა მოსამართლეთა XXX კონფერენცია, რომელზეც საბჭოს 2 მოსამართლე წევრი აირჩიეს, რადგან თამარ ონიანმა და თეა ლეონიძემ საბჭო ვადაზე ადრე დატოვეს.
მოსამართლეთა კონფერენციას ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, იურისტების, აშშ-ის და ევროკავშირის საელჩოებისა და საქართველოს პრეზიდენტის უარყოფითი შეფასებები მოჰყვა.