მოსამართლეთა ჯგუფი „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებების საკონსტიტუციოში გასაჩივრებას გეგმავს

პუბლიკა

მოსამართლეთა ჯგუფი „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შესული ცვლილებების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს. ინფორმაცია „პუბლიკას“ მოსამართლე ეკა არეშიძემ დაუდასტურა.

„სარჩელს ვამზადებთ მოსამართლეთა ჯგუფი და აუცილებლად მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს უახლოეს პერიოდში. ჯერ სამუშაო პროცესში ვართ, შეჯერებულ პოზიციას შემდეგ მოგახსენებთ“, – წერილობით უპასუხა მოსამართლემ „პუბლიკას“.

საუბარია კანონში შესულ ცვლილებაზე, რომლითაც მკაცრდება მოსამართლეთა დისციპლინური სახდელები, ასევე დაემატა დისციპლინური გადაცდომის ახალი სახე  და გადაცდომად ჩაითვლება მოსამართლის მიერ აზრის გამოთქმის პროცესში ზომიერებისა და გაწონასწორებულობის კრიტერიუმის ან პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევა. იცვლება იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევასთან დაკავშირებული პროცედურები.

კანონპროექტს მოსამართლეების, სამართლის თემაზე მომუშავე არასამთავრობოებისა და ოპოზიციონერების მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

მათი პოზიციით, დასაშვები ხდება მოსამართლეთა დევნა კრიტიკული აზრის გამო და ამ ცვლილებებით, ინდივიდუალურ დამოუკიდებლობას არსებითი საფრთხე ექმნება.

მათი შეფასებით, აძლიერებს შიდა-კორპორატივიზმს და კლანურ გავლენებს სისტემის შიგნით. ის წინააღმდეგობაში მოდის ხელისუფლების მიერ ნაკისრ ვალდებულებასთან – ჩატარდეს მართლმსაჯულების ძირეული რეფორმა დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული სასამართლოს შესაქმნელად და მის მიმართ ნდობის აღსადგენად.

ცვლილებები კიდევ უფრო აძლიერებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და ინდივიდუალურ მოსამართლეებს ამ ინსტიტუტის ძალაუფლების მიმართ მეტად მოწყვლადს ხდის. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ ყოველივეს უარყოფითი ეფექტი ექნება სასამართლო სისტემაში კრიტიკული და განსხვავებული აზრის არსებობაზე, რომელიც ისედაც დეფიციტურია.

კანონის მიღების შემდეგ ისინი პრეზიდენტისგან ვეტოს მოლოდინში იყვნენ, თუმცა 13 იანვარს ცნობილი გახდა, რომ სალომე ზურაბიშვილმა ვეტო არ გამოიყენა.