მოსამართლეთა კონფერენცია აქციის ფონზე მიმდინარეობს

პუბლიკა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სკოლაში მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენცია, რომელზეც იუსტიციის საბჭოს 4 მოსამართლე წევრი უნდა აირჩიონ, პროტესტის ფონზე მიმდინარეობს.

ნაზი ჯანეზაშვილის ცნობით, იუსტიციის საბჭოს წევრობის 4 ადგილზე დასახელდა 4 კანდიდატი: თემურ გოგოხია, ლევან მიქაბერიძე, ბადრი შონია, გოჩა აბუსერიძე.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ სასამართლო სისტემა ყველა პროცესს ფორსირებულად წარმართავს, მათ შორის, საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევის და უზენაესი სასამართლოს კანდიდატურების პარლამენტისთვის წარდგენის პროცესებს.

„შეთანხმების დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ უნდა შეჩერებულიყო, მაგრამ არ შეჩერებულა, პირიქით, დაჩქარდა. დღეს ვნახავთ, როგორ უყვარს მოსამართლეებს ეს ქვეყანა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს, დაახლოებით, 250 მოსამართლე. გამორიცხული არაფერია, ეს ადამიანების პირდაპირ ასრულებენ ხელისუფლების დაკვეთებს“, – განაცხადა ჯანეზაშვილმა.

კონფერენციის პარალელურად აქციაზე შეკრებილი არიან არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები.

ისინი დამოუკიდებელ სასამართლოს და ე.წ. სასამართლო კლანის დასრულებას მოითხოვენ. მათ მიტანილი აქვთ ბანერები, მარიონეტები მოსამართლის მანტიით, საყვირები და სასტვენები.

„ჩვენთვის პრობლემა არის კლანი. მოვუწოდებთ, თუკი ვინმე დარჩა სასამართლო სისტემაში და მგონია, ასეთი ადამიანები არიან, თვითონ გადაწყვიტონ, მოიცილონ კლანის წევრები. მათ არ სჭირდებათ ეს კლანის წევრები, ნუ ჩაყვებიან საფლავში ამ ადამიანებს. მათ უნდა უარი თქვან სასამართლოში ასეთი ტიპის სისტემაზე და გახდნენ დამოუკიდებლები, სხვას არაფერს არ ვითხოვთ“, – განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა.

„უფლებები საქართველოს“ წარმომადგენლის, კახა წიქარიშვილის განცხადებით, თუ სასამართლო სისტემაში კლანი დარჩება, ქვეყანას არ ექნება დამოუკიდებელი სასამართლო, ეკონომიკა, სამუშაო ადგილები და ძლიერი სახელმწიფო.

„ფუნდამენტური რეფორმა უნდა გატარდეს, ამიტომ მოსამართლეებმა თუ აირჩიეს წარმომადგენლები იუსტიციის საბჭოში და ჩვენ გვყავდა უკვე 10-კაციანი საბჭო, რეფორმას აზრი აღარ აქვს, ამიტომ ფუნდამენტური რეფორმა ნიშნავს ცვლილებას და ამათ თუ აირჩიეს კლანის წამომადგენლები, საბჭოში ცვლილება არ გვექნება“, – თქვა მან.

მოსამართლეები კონფერენციაზე ხმაურის და შეძახილების ფონზე შეაცილეს სამოქალაქო აქტივისტებმა. აქტივისტ შოთა დიღმელაშვილის თქმით, რეფორმის დაწყებამდე „კლანმა“ მოსამართლეების დანიშვნა მოასწრო. მისი თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტის პირობისა და აშშ-ევროკავშირის საელჩოების განცხადების მიუხედავად, პროცესი მაინც გაგრძელდა.

„ლარიანი შულერობით შეეცადნენ, 4 ადამიანი, რომლებიც ბევრ სკანდალურ საქმეშია გახვეული, მათ შორის, ერთი ისეთია, ვინც „ბირჟა მაფიაზე“, ადამიანს რომ ჩაუდეს ნარკოტიკული საშუალება, იქ გამოიტანა განაჩენი. კლანს თუ შევხედავთ მთლიანად, იცით, რა ოდიოზური ტიპებიც არიან, ერთი და ორი წლის პრობლემა ხომ არაა, ათწლეულების პრობლემაა, გირგვლიანის საქმიდან დაწყებული, მურუსიძის და ჩინჩალაძის კლანი არის, რომელიც წლებია, ვერ მოიშორა ქვეყანამ“, – განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.

საპროტესტო აქციას შეუერთდნენ როგორც შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი პარტიების წარმომადგენლები, ასევე სხვა ოპოზიციონერებიც. გასული დღეების განმავლობაში ისინი კონფერენციის გადადებას და რეფორმის დროულად დაწყებას მოითხოვნენ.

„ეს არის, ერთი მხრივ, ნათელი მაგალითი იმისა, რომ სულ ცოტა ხნის წინ დადებული შეთანხმება, რომელიც ემსახურებოდა კრიზისიდან გამოსავალს და მართლმსაჯულების სისტემის გამართვას, პირდაპირ გულში ურტყამენ ამ დოკუმენტს, შეურაცხყოფენ ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც იყვნენ გარანტორები ამ შეთანხმების.

პატარა ხვრელებსაც არ ტოვებენ, რომ რამე სახის თავისუფლების იდეა მაინც, ხელმოსაჭიდი მაინც დარჩეს“, – განაცხადა  ელენე ხოშტარიამ.


იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე წევრების არჩევას და რიგგარეშე კონფერენციის ჩანიშვნას აპროტესტებენ არასამთავრობო ორგანიზაციის, პოლიტიკური პარტიების წევრები. აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებმა პროცესის შეჩერების რეკომენდაცია გასცეს. პარლამენტში პარტია „ლელომ“ საკანონმდებლო ინიციატივაც დააყენა, რომ გამოცხადდეს მორატორიუმი მოსამართლეების არჩევაზე მანამ, სანამ არ განხორციელდება რეფორმა.


რა წერია სასამართლო სისტემის რეფორმაზე შარლ მიშელის დოკუმენტში

ამ საპარლამენტო ვადაში, ფართომასშტაბიანი, ინკლუზიური და ყველა პარტიის მონაწილეობით შემუშავებული რეფორმების გზაზე პირველი ნაბიჯის გადადგმის ნიშნად, პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს ამბიციური სასამართლო რეფორმა, შემდეგი პუნქტების ჩათვლით:

  • სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების და ხარისხის გასაზრდელად, საქართველოს ხელისუფლებამ, 2017 და 2019 წლებში მიღებული მართლმსაჯულების რეფორმების ორი პაკეტის შესაბამისად:
    ა) პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეების დანიშვნისას უნდა გაზარდოს გამჭვირვალობა და დამსახურებაზე დაფუძნებული შერჩევა, განსაკუთრებით მოსამართლეების დასანიშნად კეთილსინდისიერებასა და კომპეტენციის კრიტერიუმებზე დაფუძნებული წერილობითი დასაბუთების გამოქვეყნების გზით;
    ბ) პარლამენტს უნდა წარუდგინოს კანონპროექტი უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის #949/2019 დასკვნის გათვალისწინებით, განსაკუთრებით, რაც ეხება დანიშვნებისადმი ეტაპობრივ მიდგომას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ღია კენჭისყრას და საბჭოს მიერ წარდგენების დასაბუთების საჭიროებას;
    გ) უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით დანიშვნებისგან თავი უნდა შეიკავოს;
    დ) მიიღოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2019 წლის ივნისში მიღებული გადაწყვეტილების აღმსრულებელი კანონმდებლობა, სასამართლოს გადაწყვეტილებების გამოსაქვეყნებლად წესების დადგენის გზით.
  • ამავდროულად, უზენაეს სასამართლოში ყველა მიმდინარე დანიშვნა უნდა შეჩერდეს და ხელახლა დაიწყოს განცხადებების მიღება ახალ კანდიდატებთან დაკავშირებითაც მას შემდეგ რაც, ახალი კანონი ძალაში შევა.

  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიღრმისეული რეფორმა, რათა გაიზარდოს გამჭვირვალობა, კეთილსინდისიერება და ანგარიშვალდებულება, მათ შორის განისაზღვროს დანიშვნის, შეფასების, დაწინაურების, გადაყვანის, დისციპლინური გადაწყვეტილებების და დავების საკითხები, რომელიც გაეგზავნა ვენეციის კომისიის და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს (OSCE/ODIHR) განსახილველად და მათი რეკომენდაციები სრულად უნდა იყოს შესრულებული.

  • რაც შეეხება მომავალ გენერალურ პროკურორებს, საკონსტიტუციო ცვლილებების განსახორციელებლად აუცილებელი პროცედურების შემდეგ, საჯარო დებატების ჩათვლით, მხარეები იღებენ ვალდებულებას, განაგრძონ საერთო პოლიტიკური პოზიციის გაზიარება, რომ შემდეგი გენერალური პროკურორების დანიშვნისთვის საჭირო იქნება პარლამენტის წევრთა კვალიფიციური უმრავლესობის ხმები, რაც ფართომასშტაბიან, ყველა პოლიტიკური პარტიის ჩართულობას და მხარდაჭერას უზრუნველყოფს; ეს დანიშვნები უნდა ჩატარდეს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, გაჭვირვალე, მიუკერძოებელი, დამსახურებაზე დაფუძნებული დანიშვნების უზრუნველსაყოფად. გარდა ამისა, მხარეები იღებენ ვალდებულებას, განაგრძონ საერთო პოლიტიკური პოზიციის გაზიარება, მომავალი გენერალური პროკურორების არჩევის შესაძლო დაბლოკვის საწინააღმდეგო მექანიზმის შემდეგნაირ ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით:

1. პირველ ორ მცდელობას პარლამენტის წევრთა კვალიფიციური უმრავლესობის ხმები დასაჭირდება. შემდგომ მცდელობებს ხმების უბრალო უმრავლესობა დასჭირდება.

2. ყოველი მომდევნო კენჭისყრა ჩატარდება არა უადრეს 4 კვირისა წინა კენჭისყრიდან.

3. არჩევის შესაძლო დაბლოკვის საწინააღმდეგო ამ პროცედურის შესაბამისად ჩატარებული ნებისმიერი დანიშვნა (უბრალო უმრავლესობით) უნდა იყოს დროებითი. მისი ვადა ერთი წლით შემოიფარგლება, რომლის განმავლობაშიც დანიშვნის სტანდარტული პროცედურა თავიდან უნდა დაიწყოს.

  • პარტიები იღებენ ვალდებულებას, განაგრძონ სასამართლო რეფორმა ინკლუზიური პროცესის საშუალებით, სასამართლო რეფორმის მესამე და მეოთხე ტალღის ეფექტიანობის შეფასების ჩათვლით. ამ რეფორმების განხორციელების პროცესში გამოყენებული იქნება საერთაშორისო ექსპერტების რჩევები და დახმარება, განსაკუთრებით დასანიშნი მოსამართლეების კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით.

ვადები:

1. ამ შეთანხმების განხორციელებისა და შემდგომი რეფორმების შესახებ დისკუსია იწყება სხვა ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შესვლისთანავე.

2. პროექტი შედგენილია და 1 ივლისამდე იგზავნება ვენეციის კომისიაში დასკვნის მისაღებად.

3. პირველი კენჭისყრა პარლამენტის 2021 წლის საშემოდგომო სესიაზე ჩატარდება.

4. პარლამენტი სწრაფად დაამტკიცებს რეფორმებს, არა უგვიანეს 2022 წლის საგაზაფხულო სესიისა.