მოსარჩელეს $650 000 გადახდა დაეკისრა - რატი ბრეგაძე ანაკლიის საქმეზე

პუბლიკა

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, საარბიტრაჟო სასამართლომ შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სარჩელზე განხილვა დაასრულა და დაადგინა, რომ საქართველოს მთავრობამ საინვესტიციო ხელშეკრულება კანონიერად შეწყვიტა.

დღევანდელ ბრიფინგზე მინისტრმა განმარტა, რომ არბიტრაჟმა მოსარჩელეს მილიარდ ნახევარი დოლარის ანაზღაურებაზეც უარი უთხრა და მას საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ 650 ათასი დოლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა.

„პარიზის არბიტრაჟმა საქართველოს მთავრობასა და შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ გადაწყვეტილება გაუზიარა, რომლის მიხედვითაც დავა საქართველოს გამარჯვებით დასრულდა….

არბიტრაჟმა სრულად გაიზიარა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარდგენილი სამართლებრივი არგუმენტები და მტკიცებულებები და დაადგინა, რომ მიუხედავად საქართველოს მთავრობის მიერ მშენებლობისთვის საჭირო დაფინანსების მოსაძიებლად დადგენილი ვადების მრავალჯერ გადავადებისა, ინვესტორმა მთლიანად საკუთარი ბრალეულობით ვერ შეძლო ვალდებულების შესრულება“, – განაცხადა ბრეგაძემ.

ამ საქმეზე განცხადება სოციალურ ქსელში გააკეთა მამუკა ხაზარაძემაც. მან გადაწყვეტილებას „გულდასაწყვეტი უწოდა”.