მოვითხოვ ბერაიამ დატოვოს კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა - აქუბარდია

პუბლიკა

„ირაკლი ბერაიას ცალყბა ბოდიში არაფერში მჭირდება. მოვითხოვ, დატოვოს თანამდებობა”,- ამის შესახებ “მთავარი არხის” ეთერში დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

„ირაკლი ბერაიას ცალყბა ბოდიში მე არაფერში მჭირდება. მე მოვითხოვ, რომ დატოვოს თანამდებობა იმიტომ, რომ ის არის კაცი, რომელსაც არ შეუძლია ემოციების კონტროლი და არ შეუძლია დაუკრეფავში გადასვლისგან თავის შეკავება”, – ამბობს თეონა აქუბარდია.

„ოცნების“ წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა დღეს პარლამენტში, სხდომათა დარბაზში შეურაცხყოფა მიაყენა „ნაციონალური მოძრაობის“  წევრს, ანი წითლიძეს, „ოცნების“ კიდევ ერთმა წევრმა, ირაკლი ბერაიამ კი – თეონა აქუბარდიას. დეპუტატი კაცების კომენტრები იყო სექსისტური, ქალებისთვის „შეუფერებელ ქცევაზე აქცენტით”.

ირაკლი ბერაიამ თქვა, რომ თეონა აქუბარდიას პასუხის დროს „განცხადების სიმძიმიდან გამომდინარე, ემოციურად გადააჭარბა”.

„როცა სამარცხვინოდ ხდება ჩვენი დადანაშაულება კრემლთან კავშირში, ამაზე ყოველთვის გვაქვს მწვავე რეაქცია, მეორე ნაწილში ვაღიარებ, რომ იყო ემოციურად გადაჭარბებული, განცხადების სიმძიმიდან გამომდინარე, რომელსაც ვისმენდით და ამის გამო გულწრფელად მინდა, ბოდიში მოვიხადო”. – თქვა „ქართული ოცნების” დეპუტატმა.

კითხვას, ხომ არ დატოვებს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს, ბერაიამ აღარ უპასუხა.