„მოვითხოვთ ახალ და თავისუფალ არჩევნებს“ - ევროპარლამენტარები ლუკაშენკოს პერსონა ნონ-გრატად მიიჩნევენ

პუბლიკა

ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფები  (EPP, S&D, Renew Europe, Greens/EFA and ECR) საერთო მიმართვას ავრცელებენ და ალექსანდრ ლუკაშენკოს პერსონა ნონ-გრატად მიიჩნევენ.

მიმართვაში ნათქვამია, რომ უერთდებიან ბელორუსში ახალი, თავისუფალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნას და გმობენ ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ.

„ჩვენ ტაშს ვუკრავთ ბელორუსი ხალხის მოთხოვნას თავისუფლებისა და დემოკრატიული ცვლილებების შესახებ. 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი, რადგან სარწმუნო ცნობები სვეტლანა ტიხანოვსკაიას გამარჯვებას იუწყებიან.

არ ვცნობთ ალექსანდრ ლუკაშენკოს არჩეულ პრეზიდენტად და მას მივიჩნევთ პერსონა ნონ-გრატად ევროკავშირში.

ვუერთდებით ბელორუსი ხალხის მოთხოვნას, ჩატარდეს დამოუკიდებელი და სამართლიანი არჩევნები საერთაშორისო დამკვირვებლების ზედამხედველობით. მკაცრად ვგმობთ დაპატიმრებებს, ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ და მოვითხოვთ დანაშაულის გამოძიებას, რაც არ შეიძლება, დაუსჯელი დარჩეს. პასუხისმგებლობა ლუკაშენკოს ეკისრება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფები ასევე გმობენ მედიისა და ინტერნეტის ჩახშობას, ჟურნალისტების დაშინებას იმ მიზნით, რომ შემცირდეს ქვეყანაში ინფორმაციის გავრცელება.

ისინი მიესალმებიან ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების გადაწყვეტილებას, ე.წ. შავ სიაში მოხვდეს ყველა პირი, ვინც პასუხისმგებელია ძალადობაზე და არჩევნების გაყალბებაზე, ასევე პოლიტიკური ჯგუფები საჭიროდ მიიჩნევენ, ამ ადამიანების სანქცირებას და ევროკავშირში მათი შესვლის დაბლოკვას.

ევროპარლამენტარების განცხადებით, ევროკავშირმა ბელორუსთან ურთიერთობებს უნდა გადახედოს, მათ შორის უნდა გადაიხედოს  მინსკთან თანამშრომლობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში.


ამასთან, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარის, შარლ მიშელის ცნობით, ევროკავშირის ლიდერები ბელარუსის შესახებ 19 აგვისტოს იმსჯელებენ. მისი თქმით, სამიტი ვიდეოკონფერენციის სახით გიამართება.


9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკომ მე-6 ვადით იყარა კენჭი. ის 1994 წლიდან მართავს ბელარუსს. მინსკის ცენტრში მოქალაქეები მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც ეგზიტპოლის შედეგები გამოქვეყნდა. დააკავეს ათასობით ადამიანი; დაღუპულია 2 დემონსტრანტი. ნაციონალური ეგზიტპოლის მიხედვით, ბელარუსის მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების თითქმის 80% მიიღო. მთავარი ოპონენტი სვეტლანა ტიხანოვსკაია კი აცხადებს, რომ არჩევნებში 60-70%-იანი მხარდაჭერით თავად გაიმარჯვა და არა ლუკაშენკომ.