ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ბელარუსის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტთან ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმება გააუქმოს.
ევროპარლამენტარი მიზეზად ასახელებს, რომ ბელარუსიდან განდევნილი პირები, რომლებმაც საქართველოში უსაფრთხო თავშესაფარი იპოვეს, სრულად უნდა იყვნენ დაცულნი.
„მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ბელარუსის რეჟიმის სამარცხვინო სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტს შორის ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმება. ლუკაშენკო 2020 წლის 9 აგვისტოს გაყალბებული არჩევნების შემდეგ ძალაუფლების უზურპატორია. ბელარუსიდან განდევნილი პირები, რომლებმაც საქართველოში უსაფრთხო თავშესაფარი იპოვეს, სრულად უნდა იყვნენ დაცულნი“, – წერს კალიურანდი Twitter-ზე.
I urge the Georgian authorities to annul the information exchange agreement between the SSG & the Belarusian regime’s infamous KGB. Lukashenka has been unsurping power since 09/08/2020 falsified election. Belarusian exiles who found safe haven in Georgia must be fully protected!
— Marina Kaljurand MEP (@MarinaKaljurand) August 16, 2021
ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის დადებულ შეთანხმებას Twitter-ზე მანამდე გამოეხმაურა არაერთი დიპლომატი და საერთაშორისო პარტნიორი. ისინი აკრიტიკებენ შეთანხმებას.
არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა (HRHT)“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ გუშინ, 13 აგვისტოს, ბელარუსის ოფიციალურ საკანონმდებლო ვებსაიტზე დოკუმენტი გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც ბელარუსის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თანამშრომლობას აფორმებენ.
ორგანიზაციის ცნობით, დოკუმენტი 2016 წელს არის ხელმოწერილი, რომელიც ბელარუსში ძალაში შევიდა. დოკუმენტის მიხედვით, შეთანხმების ფარგლებში, მხარეები თანხმდებიან, სახელმწიფო უსაფრთხოების მიზნებისთვის, რეგულარულად გაცვალონ ინფორმაცია.