მოვუწოდებთ ბრიტანეთს, შეწყვიტოს სისულელეების გავრცელება და პროვოკაციები - რუსეთის საგარეო უწყება

პუბლიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დეზინფორმაცია უწოდა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას მოსკოვის გეგმების შესახებ, თითქოს რუსეთს სურს, შეცვალოს უკრაინის ხელისუფლება პრორუსული მთავრობით. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „ანგლო-საქსები“ აძლიერებენ დაძაბულობას უკრაინის ირგვლივ.

„ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ NATO-ს ქვეყნები, ანგლო-საქსების მეთაურობით ამძაფრებენ დაძაბულობას უკრაინის გარშემო. მოვუწოდებთ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები, შეწყვიტოს სისულელეების გავრცელება და ფოკუსირება მოახდინოს თათარ-მონღოლური უღლის ისტორიის შესწავლაზე“, – განუცხადა სააგენტო TASS-ს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის წარმომადგენელმა.


დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ მათ ნათელი მოჰფინეს რუსეთის გეგმას, შეცვალოს უკრაინის ხელისუფლება პრორუსული მთავრობით.

დიდი ბრიტანეთის საგარეო ურთიერთობათა სამდივნო იმ პირებსაც ასახელებს, ვინც რუსეთთან თანამშრომლობს და კრემლი უკრაინის მომავალ ხელისუფლებად განიხილავს. ეს უკრაინელი პოლიტიკოსები პრორუსულად განწყობილი ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის გუნდის წევრები არიან.

მათი თქმით, რუსეთის ხელისუფლება უკრაინაში შეჭრაზე მსჯელობის პარალელურად, გეგმავს კიევში პრორუსული ხელისუფლების დასმას და ამ ხელისუფლების ლიდერად კი უკრაინის რადის ყოფილი წევრის, ევგენი მურაევის კანდიდატურა განიხილება.

LB loan image desktop LB loan image mobile