მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუყონებლივ გადაიყვანონ სააკაშვილი სამოქალაქო საავადმყოფოში - EPP

პუბლიკა

ევროპარლამენტში არსებული „ევროპის სახალხო პარტია“ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო საავადმყოფოში დაუყონებლივ გადაიყვანოს. ამის შესახებ განცხადებას პარტია Twitter-ზე ავრცელებს.

„შეშფოთებული ვართ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ გავრცელებული ინფორმაციით.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ დაუყოვნებლივ გადაიყვანონ ყოფილი პრეზიდენტი შესაფერის სამოქალაქო საავადმყოფოში. წინააღმდეგ შემთხვევში, ხელისუფლება სრულად იქნება პასუხისმგებელი ჯანმრთელობის მდგომარეობის ნებისმიერ გაუარესებაზე“, – ნათქვამია „ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადებაში.


საქართველოს მესამე პრეზიდენტი ციხეში უკვე 27-ე დღეა შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ, იმ მიზეზით, რომ ექსპრეზიდენტს შესაბამისი დახმარება გაეწიოს, რაც მათი თქმით, ციხის საავადმყოფოში ვერ მოხერხდება. თუმცა, ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი მკურნალობას მხოლოდ ციხის საავადმყოფოში შეძლებს.

თავად მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს ამბობს.

„როგორიც არ უნდა იყოს ჩამი ჯანმრთელობის მდგომარეობა , მე უარს ვაცხადებ გლდანის ციხეში გადაყვანაზე და მირჩევნია დავრჩე იქ სადაც ახლა ვიმყოფები, სანამ ამ სიტუაციას არ დაასრულებს ან ჩემი სიკვდილი ან ჩემი თავისუფლება, ნებისმიერ შემთხვევაში უარს ვაცხადებ გლდანის ციხეში ჩემს გადაყვანაზე“, – წერდა სააკაშვილი წერილში, რომელიც ნიკა გვარამიამ გაავრცელა.