მრავალსექტორული მსჯელობის საგანია - გამყრელიძე საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენაზე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ბრიფინგზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესახებ ისაუბრა.

კითხვაზე – თუ რა ნიშნულზე უნდა ჩამოვიდეს ვირუსის გავრცელების ინდექსი, იმისთვის რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს ნებადართული? – გამყრელიძემ  უპასუხა, რომ ეს არის, ე.წ.  მრავალსექტორული მსჯელობის საგანი საკოორდინაციო საბჭოსი. მარტო ერთი ინდიკატორით ვერ იმსჯელებენ.

„ჩვენი ერთ-ერთი მთავარი შედეგი, რაც ქვეყანამ მიიღო, იყო მობილობის დაცემის გამო. საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახლავთ ყველაზე დიდი მობილობის საშუალება. ეს არის ავტობუსი, ეს არის მეტრო თბილისში და  გადაადგილების სხვა ყველა საშუალება. ამასთან დაკავშირებით არ არსებობს რასაც მეკითხებით, რომ მე რამე ციფრი დაგისახელოთ. კარგი ციფრი გვაქვს დღეს, მაგ: 2, გუშინწინ გვქონდა 10, 12 და ა.შ. თუ ჩვენ ვიქნებით ასე, რომ ყოველდღიურად გვექნება 2, 5, 15 ახალი შემთხვევა, ეს არ არის დიდი პრობლემა. ქვეყანა, ჯანდაცვის სისტემა ამის მართვას კარგად გაუძღვება. ჩვენ არ გვინდა მივიღოთ ისეთი შემთხვევა, როგორი ინფორმაციაც მივიღეთ მეზობელი ქვეყნისგან, იქ დღეს იყო  320 ახალი შემთხვევა. ამიტომ, რომ გითხრათ ახლა 1-ზე გავცემთ რეკომენდაციას, ან 5-ზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენისა, ეს არის, ე.წ.  მრავალსექტორული მსჯელობის საგანი საკოორდინაციო საბჭოსი. მარტო ერთი ინდიკატორით ვერ იმსჯელებ“, – თქვა გამყრელიძემ.


 

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი ჯერ ვერ აღდგება.

„მნიშვნელოვანია ეკონომიკის ფრთხილი ამოქმედება. ჩვენ ხომ ძალიან კარგად გვესმის რამხელა რისკში შევდივართ, როდესაც მოსახლეობას ვეუბნებით, რომ მუნიციპალურ ტრანსპორტს ჯერ ვერ ავამუშავებთ. გასაგებია ეს ყველაფერი, მძიმეა, უდიდესი დისკომფორტია, მაგრამ, მეორე მხრივ, მუნიციპალური ტრანსპორტი არის ჩვენს პირობებში ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე დიდი რისკის შემცველი“, – თქვა მან.

გახარიას თქმით, საბჭოს გადაწყვეტილებით შეზღუდვა, რომელიც კრძალავდა მანქანაში 3-ზე მეტი ადამიანის ყოფნას, მოიხსნება და მხოლოდ ტაქსებზე გავრცელდება.

Covid- 19  და საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვა – როგორ მოიქცნენ სხვა ქვეყნები