მსახიობი ბაჩო ქაჯაია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ენუქიძემ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 5000 ლარით დააჯარიმა.
მსახიობს შინაგან საქმეთა სამინისტრო ედავებოდა 9 იანვარს აქციაზე გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას, როცა ამისთვის ხალხის საკმარისი რაოდენობა არ იყო.
დაცვის მხარე ადმინისტრაციული სამართალწარმოების შეწყვეტას მოითხოვდა, რადგან, ადვოკატ თორნიკე მიგინეიშვილის თქმით, სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია.
ადვოკატის განცხადებით, ბაჩო ქაჯაია აქციას მაშინ შეუერთდა, როცა გზის სავალი ნაწილი უკვე გადაკეტილი იყო და წარდგენილ მტკიცებულებში არ ჩანს, რომ ქაჯაიამ გადაკეტა გზა ან მას ამის განზრახვა ჰქონდა.
21 იანვრის პროცესზე პოზიცია დააფიქსირა თავად მსახიობმაც და აღნიშნა, რომ ის აქციაზე მეგობრებთან ერთად როცა მივიდა, გზა უკვე გადაკეტილი იყო.
„ჩემი მიზანი ყოველთვის არის ევროპული მომავლის დაცვა, ჩემი ოჯახისთვის, ჩემი მეგობრებისთვის ვდგავარ იქ, უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანებისთვის, რომლებიც, ზოგ შემთხვევაში ნაწამები არიან, ზოგ შემთხვევაში ნაცემები არიან და იმ უსამართლობის განცდის გამო ვდგავარ, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არის და ეს მე აბსოლუტურად გააზრებული მაქვს.
ყოველთვის ვცდილობ, ჩემს ქმედებას, რადგან ვხედავ და ვატყობ, რომ საზოგადოებისთვის უფრო ყურადღების ცენტრში ვარ ხოლმე, როდესაც საჯარო სივრცეში ვარ, პასუხისმგებლობით მოვეკიდო. ეს გააზრებული მაქვს.
ყოველთვის ვცდილობ, პასუხისმგებლობით მოვეკიდო ჩემს ქმედებას, რადგან შეიძლება, რაღაც მიმბაძველობითი იყოს ან ა.შ. ამიტომ ყველა ჩემს ქმედებას საჯარო სივრცეში განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვეკიდები და არასდროს არცერთ შემთხვევაში არ მახსოვს, ან მოსულიყოს სამართალდამცველი ჩემთან და რამე მითითება მოეცეს, თუ ეს ასე ყოფილა და მე არ მახსოვს, აბსოლუტურად გამოვრიცხავ, რომ მას მე არ დავემორჩილებოდი.
მგონია, რომ ჩემი ქვეყნის და ხალხის წინაშე არანაირი დანაშაული არ მიმიძღვის და არ ვარ ღირსი, რომ ადმინისტრაციული სანქცია დამეკისროს“, – თქვა მან.
ბაჩო ქაჯაიას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ, რომელიც შეკრების და მანიფესტაციების წესის დარღვევას გულისხმობს და 5000-ლარიან ჯარიმას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.
აღნიშნულ სამართალდარღვევაზე სანქცია ,,ქართულმა ოცნებამ” ნოემბერ-დეკემბრის აქციების შემდეგ გაამკაცრა – კანონპროექტი დაჩქარებულად, სამ დღეში მიიღეს, მიხეილ ყაველაშვილმა კი მას ხელი ინაუგურაციის დღესვე მოაწერა.