მსგავს ტერაქტებზე გადაწყვეტილებას ვაშინგტონში იღებენ - პესკოვი დრონებით თავდასხმაზე

პუბლიკა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ამბობს, რომ კრემლზე დრონების თავდასხმის უკან აშშ დგას.

მისი განცხადებით, მსგავს გადაწყვეტილებებს უკრაინა ამერიკის მითითებებით იღებს.

„კიევშიც და ვაშინგტონშიც ამის უარყოფის მსგავსი მცდელობები, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად სასაცილოა. ჩვენ კარგად ვიცით, რომ გადაწყვეტილებებს მსგავს ქმედებებსა და მსგავს ტერაქტებზე არა კიევში, არამედ ვაშინგტონში იღებენ. კიევი აკეთებს იმას, რასაც ეუბნებიან, რომ გააკეთოს“, – განაცხადა პესკოვმა. 

გუშინ, 3 მაისს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ უკრაინამ კრემლზე დრონებით იერიში მიიტანა. რუსული პროსახელისუფლებო გამოცემა „რია ნოვოსტი“ წერდა, რომ კრემლს ორი უპილოტო საფრენი აპარატი დაესხა თავს, მაგრამ ვლადიმერ პუტინს საფრთხე არ შეჰქმნია. შეტევას არ მოჰყოლია მსხვერპლი და ნგრევა.  უკრაინა კავშირს კრემლზე დრონებით თავდასხმაზე უარყოფს.

განახლება: მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია თეთრი სახლიდან, რომ „პესკოვი იტყუება“.

„ჩვენ ნამდვილად არ ვკარნახობთ პირობებს, რომლითაც ისინი თავს იცავენ ან ოპერაციებს, რომლებსაც ისინი ატარებენ. ჩვენ არაფერი გვაქვს ამასთან საერთო. პესკოვი უბრალოდ იტყუება”,  – თქვა თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ.