მშობელს შეეძლება, შეზღუდოს იმ ვებგვერდებზე წვდომა, რომლებიც საფრთხის შემცველია ბავშვებისთვის – GNCC

პუბლიკა

კომუნიკაციების ეროვნული კომისია განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ  ინტერნეტში ბავშვებისა და მოზარდების საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან დაცვის მიზნით, კომისიამ დებულება დაამტკიცა და განსაზღვრა საფრთხის შემცველი ინფორმაციის ინტერნეტში განთავსების წესები.

„იმისათვის, რომ მშობელს საფრთხეების შემცირების ეფექტური მექანიზმი ჰქონდეთ, ერთი მხრივ, ინტერნეტპროვაიდერ კომპანიებს დაეკისრათ ვალდებულება, შეიმუშაონ ისეთი მექანიზმები, რომლის საფუძველზეც, ექნებათ შესაძლებლობა, კონკრეტული (აბონენტის) მშობლის მოთხოვნით, შეზღუდონ ისეთ ვებგვერდებზე წვდომა, რომელიც საფრთხის შემცველია ბავშვებისთვის.

მეორე მხრივ, კომისიამ ვებგვერდების მფლობელ კომპანიებს დააკისრა ვალდებულება, საკუთარ ვებგვერდებს მიანიჭონ შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდება, კერძოდ, რომელი ასაკობრივი კატეგორიისთვისაა განკუთვნილი მათ ვებგვერდზე განთავსებული აუდიო-ვიზუალური პროდუქცია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომუნიკაციების ეროვნული კომისია აცხადებს, რომ ინტერნეტში ბავშვების მავნე ზეგავლენისგან დაცვის მიზნით, უზრუნველყოფენ ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი ინტერნეტ ვებგვერდების სპეციალური სარეიტინგო სიის შედგენას და საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებას. ინტერნეტში ბავშვისათვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის განთავსების წესების დარღვევისთვის, სამართალდამრღვევს ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრება.

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ინტერნეტში ბავშვებისა და მოზარდების საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან დაცვის მიზნით, დებულება პარლამენტის მიერ მიღებული კანონის საფუძველზე დაამტკიცა. კანონი ძალაში 1 ივნისს შევა.

LB loan image desktop LB loan image mobile