მშობლების ნაწილი ჯანდაცვაში შეხვედრაზეა, ნაწილი კი სიახლეს კანცელარიასთან ელოდება

პუბლიკა

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების ნაწილი ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრაზე მივიდა,  ნაწილი კი კვლავ კანცელარიასთან რჩება.

როგორც „პუბლიკას“ კანცელარიასთან მყოფმა ერთ-ერთმა მშობელმა უთხრა, გუშინ მათთან კომუნიკაცია ჰქონდა სახალხო დამცველის წარმომადგენელს, რომელმაც შეხვედრის შესახებ მათ ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო და მას 4 მშობელი ესწრება.

„გუშინ დაგვიკავშირდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი. ჩვენგან წავიდა ოთხი მშობელი. რადგან მათი არგუმენტია, რომ რაღაც დესტრუქციას აქვს ადგილი და თითქოს ჩვენ მოლაპარაკება არ გვინდა (ჩვენ წელიწად-ნახევრის წინ ველაპარაკებოდით, მაგრამ მოგვატყუეს), ეს რომ არ თქვან,  პროტესტის პარალელურად, წავიდა ოთხი მშობელი, ვნახოთ, რას შესთავაზებენ.  ათი წუთია დაიწყო, ჯერჯერობით არაფერი არ ვიცით.

ჩვენ აუცილებლად დავრჩებით კანცელარიასთან. სანამ არ გამოვლენ,  და ვადებს არ დაგვისახელებენ, რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ დაშლას. წასულია, ქეთი ბეგიაშვილი, მაკუნა გოჩიაშვილი, სალომე და ნიკა. ვიცით, რომ დაახვედრეს იქ საბჭოს წევრები და ექიმებიც“, – თქვა მან.

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები 15 დღეა ღამეს კანცელარიასთან ათევენ. გუშინ ისინი მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას ელოდებოდნენ. როგორც ამბობენ, იმედი ჰქონდათ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის აქონდროპლაზიის მედიკამენტის შემოტანასთან დაკავშირებით მშობლებს რამეს ეტყოდა. თუმცა, ირაკლი ღარიბაშვილს მთავრობის სხდომის დაწყებამდე საჯარო განცხადება არ გაუკეთებია.

მშობლების მოთხოვნაა, სახელმწიფომ საქართველოში შემოიტანოს და დააფინანსოს ბავშვებისთვის აუცილებელი პრეპარატი Voxzogo, რომელიც ავტორიზებულია აშშ-ის წამლისა და საკვების ადმინისტრაციის (FDA), ასევე ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) მიერ.