„მშრომელების მოთხოვნა დაკმაყოფილდება“ | ოზურგეთში „გულისტანის“ მუშების გაფიცვა დასრულდა

პუბლიკა

ოზურგეთში ფქვილის გადამამუშავებელი საწარმოს შპს „გურია ექსპრესის“ ე.წ. გულისტანის თანამშრომლების გაფიცვა დასრულდა. 36-დღიანი გაფიცვის შემდეგ, სახელმწიფოს მიერ დანიშნული მედიაციის შედეგად, კომპანიასა და თანამშრომლებს შორის შეთანხმება შედგა.

„გურია TV-ის“ ინფორმაციით, შეთანხმება კომპანიის მხრიდან მშრომელების ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილებას, მათ შორის ანაზღაურების გაზრდასა და შრომის სათანადო პირობების შექმნას გულისხმობს.

გამოცემასთან ერთ-ერთი გაფიცული ლადო ურუშაძე ამბობს, რომ ყველაფერზე შეთანხმდნენ, რასაც ითხოვდნენ.

„სავარაუდოდ, შაბათს გაგვიფორმებენ ახალ ხელშეკრულებებს, ორშაბათს მუშაობას შევუდგებით და ჩვენს ურთიერთობებს კომპანიასთან ახალი ფურცლიდან დავიწყებთ“, – ამბობს ლადო ურუშაძე.


36 დღის წინ, ოზურგეთში, ფქვილის გადამამუშავებელი საწარმო  „გურია ექსპრესის“ თანამშრომლები გაიფიცნენ. ისინი ხელფასის მომატებას, ჯანმრთელობის დაზღვევასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვდნენ.