მშვილდაძის თქმით, მასზე თავდასხმის საქმე საგამოძიებო სამსახურმა დახურა

პუბლიკა

ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, მიშა მშვილდაძისა და მისი ადვოკატის ცნობით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმე დახურულად გამოაცხადა.

ადვოკატ ედუარდ მარიკაშვილის თქმით, საქმე ისე დაიხურა, გამოძიებას შედეგი არ გამოუღია.

„საგამოძიებო სამსახურმა დაასრულა გამოძიება 0 შედეგით ცენტრალურ საკითხებზე პასუხის გაცემის კუთხით რაც დაზარალებულს ჰქონდა მოთხოვნილი და საჯარო სატელევიზიო გამოძიებამ დაადგინა – ეს არის უსაფრთხოების სამსახურის ჩართულობა საქმეში. მათ შეკითხვებს პასუხი არ გასცეს, ვერ გასცეს, არ ჩაატარეს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

შემდეგი ნაბიჯი იქნება ამ მოთხოვნილ საგამოძიებო მოქმედებებზე საჩივრები, ნაწილი გასაჩივრებული გვაქვს უკვე პროკურატურაში და ამის შენდეგ ირთვება ვადა, რომ საქმე გაიგზავნოს ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში“, – განაცხადა მარიკაშვილმა.

მიშა მშვილდაძის განცხადებით, საგამოძიებო უწყებები არც კი შეეცადნენ, დაედგინათ, ჩართული იყო თუ არა მასზე თავდასხმის საქმეში უსაფრთხოების სამსახური.

„ფორმულას“ თანადამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს 27 ივნისს დაესხნენ თავს. გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო.

28 ივნისს სოციალურ ქსელში ნიკოლოზ გუგეშაშვილმა დაწერა, რომ მშვილდაძეს თავს ის დაესხა. გამოძიებამ ერთი პირი დააკავა, რომელსაც 30 ივნისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.