მთავარეპისკოპოსი სპირიდონი მაკა სულაძეს ჯვრის ტარებასთან დაკავშირებული განცხადებისთვის აკრიტიკებს

პუბლიკა

სხალთელი მთავარეპისკოპოსი სპირიდონი თავის ქადაგებაში, რომელიც სოციალურ ქსელში 27 მაისით თარიღდება, „რიონის ხეობის მცველ“ მაკა სულაძის 25 მაისის განცხადებაზე საუბრობს, რომელშიც აქტივისტმა თქვა, რომ თბილისში მსვლელობაში ჯვრით აღარ მონაწილეობდა, ამის მიზეზად კი სხვა რელიგიის წარმომადგენლებისთვის უხერხული სიტუაციის არშექმნა დაასახელა.

მთავარეპისკოპოსი სპირიდონის შეფასებით სამწუხაროა, რომ ჯვრის ძალა იქნა დაგმობილი.

„არ ვიცი, რით მოხდა ეს – უმეცრებით, გაუნათლებლობით თუ ურწმუნობით, ძალიან მძიმე ცოდვა იქნა ჩადენილი, რომ ჯვრის ძალა იქნა დაგმობილი და ასეთი რამე იქნა ნათქვამი, რომ სხვებს არ ეწყინოთო, მე ამ სიმბოლოს – ჯვარს – აღარ ვატარებო.

ჯვარი სიმბოლო არ არის, ჯვარი ღვთის ძალაა, გამარჯვების და ძლევის იარაღი და როცა შენ შენი ნებით ამბობ უარს ჯვარზე და იძახი, ვიღაცას არ ეწყინოს და აღარ ვატარებო, შენი ნებით ამბობ უარს გამარჯვებაზე, ძლევაზე უარს და ჯვრის მგმობელების რიგში დგები“, – განაცხადა მთავარეპისკოპოსმა.

მთავარეპისკოპოსის თქმით, როგორც საჯაროდ იქნა დაგმობილი ჯვარი, საჯაროდ უნდა იქნას გამონათქვამი „შენანებული“, თორემ, მისი თქმით, ამის ბოლო დამარცხებაა, რადგან „ჯვრის მტერი ვერასდროს გაიხარებს“.