„მთავარი არხი“ ეგზიტპოლს მაინც ჩაატარებს, მხოლოდ Ipsos-ის გარეშე - გვარამია

პუბლიკა

„მთავარი არხის“ დირექტორმა ნიკა გვარამიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „მთავარი არხი“ ხვალ ეგზიტპოლს მაინც ჩაატარებს კომპანია Ipsos-ის მონაწილეობის გარეშე. შედეგები კი საღამოს 8 საათზე გამოქვეყნდება.

„ჩვენ არ დავუშვებთ ქართული დემოკრატიის წინააღმდეგ Ipsos-ის „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმებული დივერსიის განხორციელებას და „მთავარი არხი“ ხვალ მაინც ჩაატარებს ეგზიტპოლს, მხოლოდ კომპანია Ipsos-ის მონაწილეობის გარეშე. ჩვენ უკვე ვაცნობეთ კომპანია Ipsos-ს, რომ ხელშეკრულება გაწყვეტილია, არკეთილსინდისიერებისა და პარტნიორული ურთიერთობის დარღვევის გამო, ასევე ჩვენ ვაგროვებთ მტკიცებულებებს ბატონი მარჩეზესა და ბატონი კალაძის მტკიცებულებების შესახებ, მივმართავთ იტალიისა და საფრანგეთის სამართალდამცავ ორგანოებს მათ ტერიტორიაზე განხორციელებული კორუფციული შეთანხმების მოკვლევის შესახებ და დამნაშავე პირების დასჯის თაობაზე. […] იყიდება ყველაფერი – ასე ჰგონია „ქართულ ოცნებას“, დიახ, გაიყიდა Ipsos, მაგრამ არ ვიყიდებით ჩვენ“, – განაცხადა გვარამიამ.

მისი თქმით, თუ კომპანია Ipsos ჩათვლიდა, რომ „მთავარმა არხმა“ ინფორმაცია არასწორად გამოაქვეყნა, კომუნიკაცია არხთან უნდა ჰქონოდა და ეთხოვა შედეგის გასწორება, თუ ეს არ მოხდებოდა, გამოქვეყნების უფლება მაინც არ ჰქონდათ და შეეძლოთ კონტრაქტი შეეწყვიტათ.

„ამის ნაცვლად ჩვენ ვიხილეთ კომპანიის განცხადება მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გვამცნო ეს. ჩვენთან კომუნიკაცია არ ყოფილა და რატომღაც „ქართულმა ოცნებამ“ პირველად გაიგო ეს საკითხი. რამდენიმე წუთში კომპანია Ipsos-ის მიერ შედეგების დადებიდან, რაც, ცხადია, საეჭვო და გამაოგენებელია, ამიტომ დავიწყეთ მოკვლევა“, – თქვა გვარამიამ.

გვარამია ირწმუნება, რომ 2021 წლის 6-8 ოქტომბრის პერიოდში „კახა კალაძის მიერ შედგა კომუნიკაცია კომპანია Ipsos-ის ერთ-ერთ მაღალჩინოსანთან“, იტალიის მოქალაქე ოლივიერე მარჩეზოსთან.

„მარჩეზოსთან კომუნიკაცია შედგა კახა კალაძის მიერ. კომუნიკაცია მიმდინარეობდა პარიზსა და რომში, ჩვენ ვადგენთ ეს კომუნიკაცია იყო შუამავლების მეშვეობით, თუ პირადი. ჩვენი ინფორმაციით, ეს იყო პირადი კომუნიკაცია. შედგა კორუფციული შეთანხმება, რომლის მიზანიც ეგზიტპოლის ჩაშლა იყო და განცხადების გავრცელება, რომ „მთავარი არხი“ აყალბებს შედეგებს“, – თქვა გვარამიამ.


დღეს, 29 ოქტომბერს კომპანია Ipsos-მა გაავრცელა განცხადება და განმარტა, რომ „მთავარმა არხმა“ შეუწონავი, წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა, რაც რომელიც საჯაროდ გამოქვეყნებისთვის არ იყო გათვალისწინებული, განსხვავებით შეწონილი შედეგებისგან.

29 ოქტომბერს „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ კომპანია IPSOS-მა კონტრაქტი უხეშად და არაკეთილსინდისიერად დაარღვია. მისი განცხადებით, „მთავარი არხი“ წყვეტს პარტნიორობას კომპანიასთან.

27 ოქტომბერს, ტელეკომპანია „მთავარმა“ გამოაქვეყნა IPSOS-გლობალის ახალი კვლევის შედეგები. IPSOS-მა კვლევა „მთავარი არხის“ დაკვეთით დიდ ქალაქებში ჩაატარა, სადაც მოსახლეობას დაუსვა კითხვა – „მომდევნო შაბათს რომ არჩევნები ტარდებოდეს, მერობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას?”. ტელეკომპანია „მთავარის“ ინფორმაციით, კვლევის შედეგები დიდ ქალაქებში ასე გადანაწილდა. 

28 ოქტომბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კომპანია IPSOS-ის კვლევებში, როგორც წესი, მნიშვნელოვანი ცდომილებაა. კომენტარი გააკეთა ასევე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და განაცხადა, რომ „არავითარი ნდობა არ აქვს ლევან თარხნიშვილის მიერ ჩატარებულ კვლევებს“.

მოგვიანებით პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა, სადაც პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „საზოგადოებას ამცნობენ ერთ-ერთი სკანდალის შესახებ, რომელშიც ნაციონალური მოძრაობა“,  მთავარი არხი და კომპანია IPSOS გაეხვა”.

შალვა პაპუაშვილის თქმით, კომპანია IPSOS-ის ოფიციალურ გვერდზე გამოკითხვის შედეგებში სულ სხვა მონაცემებია მითითებული და „მთავარმა არხმა“ კი სხვა მონაცემები გამოაქვეყნა. მაგალითად, „მთავარი არხის“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ზუგდიდში მერობის კანდიდატების ხმები ასე გადანაწილდა: ანზორ მელია – 54.7%, მამუკა წოწერია – 45.3%. შალვა პაპუაშვილის თქმით, თავად კომპანიის გვერდიდან ჩამოტვირთულ ფაილში კი წერია, რომ 51%-ია მამუკა წოწერიას შემთხვევაში და 49% – ანზორ მელიას შემთხვევაში.