„მთავარმა არხმა“ თავდამსხმელისა და პოლიციის უფროსის დიალოგის ჩანაწერი მოიპოვა

პუბლიკა

ტელეკომპანია „მთავარმა“ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსის ავთანდილ გალდავასა და თავდამსხმელის დიალოგის ჩანაწერი მოიპოვა.

არხის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერში ისმის როგორ მოითხოვს თავდამსხმელი 5 მძევლის წაყვანას და პოლიციის უფროსი სთხოვს სამი კაცი წაიყვანოს.

„რაც მეტი ვიქნებით მით უკეთესი“, – ამბობს თავდამსხმელი ჩანაწერში და ითხოვს 5 კაცის თან წაყვანას.

გუშინ თავდამსხმელმა ბანკის შენობა პოლიციის უფროსთან და სამ მძევალთან ერთად დატოვა, რის შემდეგაც ის მიიმალა. მას ამ დრომდე ეძებენ. ამის შესახებ დღეს კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.


21 ოქტომბერს, დღის სამ საათზე, ზუგდიდის ცენტრში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში თავდამსხმელი შეიჭრა, მძევლები აიყვანა და ნახევარი მილიონი მოითხოვა მათი გათავისუფლების სანაცვლოდ. თავდამსხმელმა რამდენიმე მძევალი გაათავისუფლა, ბოლოს კი შენობა ხელყუმბარით ხელში, ორ მძევალსა და პოლიციის უფროსთან ერთად დატოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ გაავრცელა განცხადება, რომ ყველა მძევალი თავისუფალია და მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

„სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დასაკავებლად“, – ამბობენ შსს-ში.