მთავრობა: ინვიტრო განაყოფიერების მიმწოდებელმა კლინიკებმა ინფორმაცია რეესტრში უნდა ასახონ

პუბლიკა

მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით სერვისის მიმწოდებელი ყველა დაწესებულება ვალდებული იქნება, რეპროდუქციასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე ინფორმაცია ერთიან ეროვნულ რეესტრში ასახოს.

მთავრობის განცხადებით, ცვლილების მიზანი გამოყენებული ქსოვილების, უჯრედების, ემბრიონების, მათ შესახებ მონაცემებისა და კონტაქტში მყოფი მასალების მიკვლევადობაა.

ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ დღეის მდგომარეობით, დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით სერვისს 19 დაწესებულება ახორციელებს.

სიახლე ძალაში 2024 წლის იანვრიდან შედის.

მთავრობის განცხადებით, რეპროდუქციასთან დაკავშირებული საქმიანობის ერთიანი ეროვნული რეესტრის ამოქმედება შეესაბამება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მოთხოვნებს.